რუსული რეჟიმი

ადვოკატების თქმით, ე.წ. საბოტაჟის საქმეში ვერ ადგენენ, რომელი მტკიცებულება ვის ეხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

რადიო თავისუფლების ლაივბლოგის ინფორმაციით, ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალის დადგენილებაში ნათქვამი არ არის, რომელი მტკიცებულება ვის ეხება.

პარტია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის თქმით, 75-გვერდიანი ნუსხიდან ვერ ადგენენ, რომელი მტკიცებულება ვის ეხება.

"არცერთი მტკიცებულების იდენტიფიკაცია ბრალის დადგენილებაში არ არის და ვერ ვახდენთ იმ მტკიცებულებების იდენტიფიკაციას, რომელიც ჩვენს ბრალდებულებს ეხებათ.... საქმეში ისეთი მტკიცებულებებია, რომ აზრი არ აქვს მათ დაუშვებლობის მოთხოვნას, რადგან არ ვიცი ეხება თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს.

ასეთი უცნაური საქმე 30 წელია არ მქონია, ჩაყრილია მტკიცებულებები და ვის რას ეხება არ ვიცი, ვერც გამოყოფის შუამდგომლობას ვაყენებ, რადგან ამას განხილვის ეს ეტაპი არ ითვალისწინებს. არ შეიძლება ასე მტკიცებულებების წარმოდგენა - მე თქვენ მოგიტანს ამდენ ტომს და მოდი გაარკვიეთ. მიმითითეთ, რომელი ეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და მერე ვიმსჯელებ დასაშვებობა, არდასაშვებობაზე... ვიცით ეს საქმე როგორ დაიწყო და როგორ მოვიდა აქამდე.

75-გვერდიანი ნუსხიდან ვერ ვახდენთ იდენტიფიცირებას, რომელი მტკიცებულება ვის ეხება, გვითხრან.

[...] მე რომ დავაყენო დაუშვებლობა რაღაც მტკიცებულების მიმართ, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეხება, პროკურორს შეუძლია თქვას, რომ სხვა ბრალდებულს ეხება, არაკომპეტენტური შუამდგომლობა გამოდის". - თქვა კორძაძემ სხდომაზე, რადიო თავისუფლების ცნობით.

იმავე პოზიცია აქვს გიორგი ვაშაძის ადვოკატ ომარ ფურცელაძეს, რომლის თქმითაც, უფლებადამცველებს შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ.

"უნდა ვიცოდეთ, რაზე უნდა ვისაუბროთ და ასე უნდა გადავწყვიტოთ, დაცვის სტრატეგია. შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა გვაქვს შეზღუდული.

მე რომ დავაყენო შუამდგომლობა მაგალითად, უნდა ვიცოდე ეხება თუ არა ე.წ. ქიმიური ნივთიერებები გიორგი ვაშაძეს, როცა მაგალითად მისი სახლი გაჩხრეკილი არ არის". - თქვა ფურცელაძემ, გამოცემის ცნობით.

2025 წლის 6 ნოემბერს საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. (ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას).
  • ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. (ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას).
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.  (ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას).
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. (ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას).

კომენტარები