დიეგო გარსიას სამხედრო ბაზა

ტრამპი: კირ სტარმერთან დიეგო გარსიას კუნძულის შესახებ პროდუქტიული საუბარი მქონდა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კიერ სტარმერთან ჩაგოსის არქიპელაგში მდებარე დიეგო გარსიას კუნძულის შესახებ პროდუქტიული საუბარი ჰქონდა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ინდოეთის ოკეანის კუნძულზე მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის "ძალიან მნიშვნელოვანია".

აშშ-ს პრეზიდენტი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ჩაგოსის არქიპელაგის შესახებ "საუკეთესო" შეთანხმება დადო, ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში აშშ-მ კუნძულზე არსებულ ბაზასთან წვდომა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს.

"თუ იჯარის შეთანხმება მომავალში ოდესმე დაიშლება, ან თუ ვინმე დაემუქრება ან საფრთხეს შეუქმნის  დიეგო გარსიაში ჩვენს ბაზაზე აშშ-ს ოპერაციებსა და ძალებს, მე ვინარჩუნებ უფლებას სამხედრო გზით უზრუნველვყო უსაფრთხოება და გავაძლიერო ამერიკული პოზიციები დიეგო გარსიაში" - დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, გასულ წელს დიდმა ბრიტანეთმა მავრიკის რესპუბლიკასთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს ჩაგოსის კუნძულებზე სუვერენიტეტს გადასცემდნენ. ეს ტერიტორიები ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. მათ შორისაა კუნძული დიეგო გარსია - ჩაგოსის უდიდესი კუნძული, რომელზეც აშშ-სა და ბრიტანეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს. შეთანხმების მიხედვით, სუვერენიტეტის მავრიკისთვის გადაცემის მიუხედავად, მოკავშირეები ამ ტერიტორიაზე კონტროლს იჯარით შეინარჩუნებდნენ. ბრიტანეთის პრემიერმა, კირ სტარმერმა წარსულში თქვა, რომ იჯარის 99-წლიანი შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოს ყოველწლიურად 101 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდებოდა. 99 წლის გასვლის შემდეგ შეთანხმების 40 წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.

ჩოგოსის კუნძულებმა მავრიკის შემადგენლობა 1965 წელს დატოვა, როცა ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო. ბრიტანეთმა კუნძულები 3 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ იყიდა, თუმცა მავრიკის რესპუბლიკის პოზიციით, მათ კუნძულების გაცემა დამოუკიდებლობის სანაცვლოდ აიძულეს.

კომენტარები