რუსული რეჟიმი

ჩამობრძანდნენ ეუთოს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც და რამდენ ხანსაც სურთ – კირცხალია

ეუთოს 24 ქვეყანის მიერ საქართველოზე მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ივანიშვილის უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია "უცხო ქვეყნის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის" მორიგ მაგალითს უწოდებს "ე.წ. შეშფოთებების სერიიდან". 

კირცხალიას განცხადებით, საქართველოში ადამიანის უფლებები იმაზე მეტად არის დაცული ვიდრე მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების დიდ ნაწილში, "შესაბამისად, ჩამობრძანდნენ ეუთოს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ". 

"რამდენიმე დღის წინ, შვედეთმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი იყო, იმ 24 ქვეყნიდან, ვინც საქართველოში თითქოსდა ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედებას დაუჭირა მხარი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მმართველ გუნდს მკაფიო პოზიცია აქვს. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არაერთხელ დავრწმუნდით, რომ კონკრეტული ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად თანამშრომლობისკენ უნდა იყვნენ მიმართულნი, არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მექანიზმად გამოიყენება.

მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები იმაზე უკეთაა დაცული ვიდრე მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების დიდ ნაწილში, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი, შესაბამისად, ჩამობრძანდნენ ეუთოს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ". - განაცხადა კირცხალიამ საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე.

ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი 29 იანვარს აამოქმედა.

მექანიზმის გააქტიურების მოთხოვნას შემდეგი ქვეყნები შეუერთდნენ: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.

კომენტარები