აშშ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის დაკავებული გემის ქართველი კაპიტნის, ავთანდილ კალანდაძის გასამართლებას გეგმავს.
ლონდონში აშშ-ს საელჩომ BBC-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ეკიპაჟის ორი წევრი აშშ-ს მიერ არიან დაკავებულები.
აშშ-ს სანაპირო დაცვამ ავთანდილ კალანდაძე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიიდან 28 იანვარს გაიყვანა.
აშშ ტანკერ Marinera-ს, იგივე Bella 1-ს, რომლის კაპიტანიც ავთანდილ კალანდაძე იყო, რამდენიმე კვირის განმავლობაში მისდევდა. ხომალდის ბრიტანეთის სანაპიროსთან დაკავებამდე The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტანკერის ესკორტირებისთვის რუსეთმა წყალქვეშა ნავები და სხვა საზღვაო საშუალებები გაგზავნა.
ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ტანკერი Marinera, რომელიც სავარაუდოდ ცარიელი იყო, რადგან ვენესუელაში ნავთობით დატვირთვა ვერ შეძლო, აშშ-ს ძალებს თავს არიდებდა. აშშ-მ გასულ კვირებში ვენესუელას სანქცირებული ნავთობის შეტანაზე ბლოკადა დაუწესა. გემი ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის, რომელსაც რუსული, ირანული და ვენესუელის სანქცირებული ნავთობი გადააქვს.
Bella 1 გაიანას ცრუ დროშის ქვეშ დაცურავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მას აშშ-ს ძალები აედევნენ და ხომალდმა კურსი იცვალა, გემი რუსეთში გადარეგისტრირდა და სახელი შეიცვალა. ხომალდს ფორმალურად ახლა Marinera ჰქვია. დევნის დროს ეკიპაჟის წევრებმა გემზე რუსული დროშა დახატეს.





