დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

CNN: უშედეგო დისკუსიების შემდეგ ტრამპი ირანზე მასშტაბური იერიშებისთვის ემზადება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი    
Anna Moneymaker/Getty Images    

CNN-ის ინფორმაციით, საკითხზე ინფორმირებული წყაროები ამბობენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალ, მასშტაბურ დარტყმებს განიხილავს მას შემდეგ, რაც ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შეზღუდვის შესახებ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე წინასწარი დისკუსიები უშედეგოდ დასრულდა.

წყაროების თქმით, ტრამპი ამჟამად განიხილავს სხვადასხვა ვარიანტებს, მათ შორის, საჰაერო იერიშებს ირანის იმ ლიდერებისა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც მკვლელობებზე პასუხისმგებლად მიიჩნევიან, ისევე როგორც დარტყმებს ირანის ბირთვულ ობიექტებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე. 

CNN-ის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ტრამპი მიიჩნევს, რომ სამხედრო შესაძლებლობები გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ავიამზიდი რეგიონში ჩავიდა.

წყაროების მიხედვით, აშშ-მ ბოლო პერიოდში ირანთან მოლაპარაკებების წინაპირობები წამოაყენა. მათ შორისაა: ურანის გამდიდრების სრულად და სამუდამოდ შეწყვეტა, ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე ახალი შეზღუდვების დაწესება და რეგიონში ირანის პროქსი ძალების მხარდაჭერის შეწყვეტა.

თუმცა, დაპირისპირების მთავარი თემად იქცა აშშ-ს მოთხოვნა, რომ ირანმა ბალისტიკური რაკეტების მოქმედების რადიუსი შეზღუდოს, რა პირობასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისრაელისთვის, ვინაიდან გასული წლის ივნისში ისრაელმა ირანული ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად რაკეტების დიდი მარაგი დახარჯა.

თავის მხრივ, ირანმა ამ მოთხოვნაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ბირთვული პროგრამის შესახებ გამართავს, რის შემდეგაც აშშ-ს თეირანისთვის პასუხი აღარ გაუცია.

ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანმა "იცის, რა არის წინაპირობები". თუმცა, CNN წერს, რომ მოლაპარაკებების მცდელობებთან ერთად აშშ ირანზე მასშტაბური შეტევისთვისაც ემზადება.


ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები, მათ შორის, ავიამზიდი გაგზავნა. 

საპროტესტო აქციები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო დაიწყო და მალევე რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა. გამოცემა New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 5 137-ს აღწევს, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 27 797-ია. თუმცა, აქტივისტების ცნობით, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა, 40 000-საც აღემატებოდეს. ამავდროულად, უკვე ორ კვირაზე მეტია, მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშულია ინტერნეტიც.

აქციების პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს საპასუხო ქმედებებით დაემუქრა, თუკი რეჟიმი მშვიდობიან დემონსტრანტებს დახოცავდა და აქციებზე დაკავებულ ხალხს სიკვდილით დასჯიდა. 

მას შემდეგ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ხამენეის რეჟიმმა 800-ზე მეტი ადამიანის ჩამოხრჩობა გააუქმა, თუმცა, ამის პარალელურად, პრეზიდენტმა ტრამპმა 23 იანვარს განაცხადა, რომ ირანისკენ აშშ-ს საზღვაო ძალების "არმადა" მიემართება და დაამატა, რომ ამერიკა ირანს "ყურადღებით აკვირდება".

"ჩვენ ირანს ვაკვირდებით. როგორც იცით, ბევრი ხომალდი მიცურავს ამ მიმართულებით, ყოველი შემთხვევისთვის, დიდი ფლოტილია მიემართება და ვნახავთ, რა მოხდება. ირანისკენ დიდი ძალები გადაგვყავს. მირჩევნია, რომ არაფერი მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით." - თქვა ტრამპმა.

გავრცელებული ცნობებით, ირანს ინდოეთის ოკეანიდან უკვე მიუახლოვდა USS Lincoln-ის მოიერიშე ჯგუფი, რომელიც ავიამზიდთან ერთად სამ საესკადრო ნაღმოსანსაც მოიცავს.

ამას გარდა, აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების საფრთხის გამო რამდენიმემ მსხვილმა ავიაკომპანიამ, მათ შორის, KLM-მა, Lufthansa-მ და Air France-მა, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს.

თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურმა აშშ გააფრთხილა, რომ მისი ძალები "იმაზე უფრო მზადაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა". 

ირანის უზენაეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაახლოებული გამოცემის, Nournews-ის მიხედვით, გენერალმა მოჰამად პაკპურმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა, რომ "ნებისმიერი არასწორი გაანგარიშება თავიდან აირიდონ".

კომენტარები