პარტია გახარია საქართველოსთვის აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქეების დაკავებას ეხმაურება. პარტიის შეფასებით, ქართული ოცნება მათდამი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს, როგორც მტერს ისე ექცევა.
“ქართული ოცნება დღეს ქვეყანას სახელისუფლებო პასუხისმგებლობით ვეღარ მართავს. მისი ძალაუფლება, ფაქტობრივად, მხოლოდ ძალადობაზე, ეკონომიკურ ზეწოლასა და კონტროლზეა დამყარებული და ეს ძალაუფლება მცირე ოპონირებასაც კი ვეღარ უძლებს.
ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქეების დაკავება არა რეჟიმის სიძლიერეზე, არამედ მის სისუსტეზე მიუთითებს. ხელისუფლება კრიტიკულად განწყობილ საკუთარ მოქალაქეებს საზოგადოების ნაწილად აღარ აღიქვამს და მათ ექცევა, როგორც პირად მტერს.
დღეს ოცნების კვაზი-მართლმსაჯულება კანონს აღარ ემსახურება, ის პოლიტიკური შიშის ინსტრუმენტად არის ქცეული განსხვავებული აზრის დასასჯელად.
მიუხედავად ამისა, თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რეჟიმის სისუსტე არ ნიშნავს მის სწრაფ დამარცხებას. ჩვენი ბრძოლა დემოკრატიული სახელმწიფოს დასაბრუნებლად ხანგრძლივია და მოითხოვს მოთმინებას, გონივრულ ნაბიჯებს და მშვიდობიან წინააღმდეგობას”. - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
23 იანვარს, აქციაზე ტროტუარზე დგომის საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე მოქალაქის სასამართლო პროცესი გაიმართა და გადაწყვეტილებები გამოცხადდა.
მოსამართლეებმა დავით მაკარაძემ, ზვიად ცეკვავამ და მანუჩარ ცაცუამ ყველა მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნეს, ნაწილს რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილს კი - სიტყვიერი გაფრთხილება.





