საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის (საია) განცხადებით, ევროსასამართლოში მიმდინარე საჩივრის შესახებ "მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია" ვრცელდება.
ორგანიზაციის განცხადებით, საიას არასდროს მოუთხოვია დროებითი ღონისძიების გამოყენება არჩევნებთან დაკავშირებულ დავაზე. შესაბამისად, საიას მიერ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის მიღების შესახებ გავრცელებული ცნობები არის ტყუილი და არ შეესაბამება რეალობას.
"საიას მიერ 2024 წლის არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის საქმე წარდგენილია მხოლოდ ორი მომჩივნის სახელით - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ფიზიკური პირის მიერ. საჩივარი გაიგზავნა 2025 წლის 21 თებერვალს.
2026 წლის 22 იანვარს გვეცნობა, რომ სასამართლომ დაიწყო საიას საჩივრის (6547/25) განხილვა. სასამართლომ ასევე დაიწყო ორი სხვა საჩივრის განხილვა არჩევნებთან დაკავშირებით.
საიას არასდროს მოუთხოვია დროებითი ღონისძიების გამოყენება არჩევნებთან დაკავშირებულ დავაზე. შესაბამისად, საიას მიერ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის მიღების შესახებ გავრცელებული ცნობები არის ტყუილი და არ შეესაბამება რეალობას.
ამასთან დაკავშირებით დღეს საიამ მედიასაც მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე თავდასხმის მცდელობა. მსგავს ქმედებებზე საიას ექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება". - წერს ორგანიზაცია.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო. ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე საიას თავჯდომარემ, თამარ ონიანმა განაცხადა.
ამის შემდეგ პროპაგანდისტულმა TV იმედმა ქარდი გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "სტრასბურგის სარჩელში საია დროებითი ღონისძიების სახით 2024 წლის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდა, თუმცა ეს მოთხოვნა სტრასბურგმა არც კი განიხილა", ხოლო საიამ ეს ამბავი "ქართველ საზოგადოებას დაუმალა".
საიამ წარდგენილ საჩივარში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში 2025 წელს გაგზავნა, მიუთითა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვისას დაირღვა დავების ერთიანი მექანიზმით განხილვის უფლება.
ორგანიზაცია ასევე დავობდა, რომ კანონმდებლობაში არსებული განაწესი, რომელიც ზღუდავს საარჩევნო დავაზე საჩივრების წარდგენის შესაძლებლობას, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.





