აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, შესაძლოა განიხილოს ტარიფების გაზრდა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აშშ-ს მიერ გრენლანდიის კონტროლის წინააღმდეგები იქნებიან.
ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული ღონისძიების დროს თქვა.
"შესაძლოა, გრენლანდიის შემთხვევაშიც გავაკეთო ეს. შესაძლოა, ტარიფები დავუწესო ქვეყნებს, რომლებიც [აშშ-ს მიერ] გრენლანდიის [გაკონტროლების] საკითხის წინააღმდეგები იქნებიან, რადგან ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ეს გავაკეთო" – თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, გუშინ, 15 იანვარს ბელგიაში აშშ-ს ელჩმა, ბილ უაითმა განაცხადა, რომ აშშ და გრენლანდია, სავარაუდოდ, გარკვეული სახის სასარგებლო შეთანხმებას გააფორმებენ.
"მჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპსა და დანიის პრემიერმინისტრს შორის პროდუქტიული სამუშაო ჩარჩო იქნება და ეს უფრო უსაფრთხო გრენლანდიამდე მიგვიყვანს." - თქვა უაითმა Bloomberg Radio-სთან ინტერვიუში.
მანამდე, 14 იანვარს, დანიისა და გრენლანდიის დიპლომატებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის რჩება "ფუნდამენტური უთანხმოება".
ბილ უაითის თქმით, არ შეიძლება გრენლანდიის "სტრატეგიული სამხედრო მნიშვნელობის" სათანადოდ ვერშეფასება და დაამატა, რომ კუნძულის შესახებ უსაფრთხოების მხრივ აშშ-ს მღელვარება ზედმეტად სენსიტიურია საჯაროდ ასახსნელად.
ხოლო Bloomberg TV-სთან ინტერვიუში უაითმა ისიც თქვა, რომ დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა, შესაძლოა, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან დაპირისპირების გამო მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში სარგებელიც ნახოს.
პარალელურად, ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგია და შვედეთი, კუნძულის უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამხედრო ძალებს გზავნიან.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ფრანგი სამხედროების პირველი ჯგუფი უკვე გზაშია, ხოლო დანარჩენი კონტინგენტი ეტაპობრივად ჩავა კუნძულზე.
მანამდე, 12 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ აშშ გრენლანდიაზე კონტროლს არ დაამყარებს, მას რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს, რასაც ის არ დაუშვებს.
"მე ვცდილობ მათთან შეთანხმების დადებას, ეს ყველაზე მარტივი გზაა, თუმცა ჩვენ გრენლანდიას ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ". - თქვა მან.
ტრამპს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ სურს, გრენლანდია აშშ-ს შემადგენლობაში შევიდეს. ამ კუთხით, მას არ გამოურიცხავს დანიის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის გამოყენებაც.
თავის მხრივ, დანიასა და გრენლანდიაში ნათქვამი აქვთ, რომ კუნძული არ იყიდება. მათ ასევე დაგმეს გრენლანდიაში აშშ-ს მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების შესახებ გავრცელებული ცნობები.
ამასთანავე, ბოლო კვირებში გრენლანდიის აშშ-სთვის გადაცემის მისწრაფებებზე საუბრის დროს თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა და თქვა, რომ "სამხედრო გზა ყოველთვის ვარიანტია"





