ირანი

Politico: ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აუკრძალეს

REUTERS/Johanna Geron/File Photo

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ირანის რეჟიმის მხრიდან ქვეყანაში ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის გამო, ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ. 

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ევროპარლამენტარებს 12 იანვარს გაგზავნილ წერილში აცნობა. Politico-ს ინფორმაციით, აკრძალვა ბრიუსელსა და სტრასბურგში პარლამენტის ყველა შენობას შეეხება, ისევე როგორც გენერალურ სამდივნოშიც, რომელიც ლუქსემბურგში მდებარეობს.

გამოცემა წერს, რომ შედეგად, ირანული პასპორტის მქონე ნებისმიერი პირის შემოწმება შესასვლელებთან მოხდება და შენობებში არ შეუშვებენ იმ პირებს, რომლებიც რეჟიმის სამსახურში არიან.

"ირანელ ხალხს შეუძლია, კვლავ დაეყრდნოს ამ პარლამენტს მხარდაჭერის, სოლიდარობისა და მოქმედებისთვის." - აღნიშნა მეცოლამ წერილში. 

ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე 15 დღის განმავლობაში, გრძელდება.

გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ამ დრომდე რეჟიმმა, სულ მცირე, 544 ადამიანი მოკლა და 10 681-ზე მეტი დააკავა. ორგანიზაციის მიხედვით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს. 

ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი და, გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც. 

ირანის მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგია, თუმცა ზუსტი გეგმა არ ჩანს – გიორგი სანიკიძის მოსაზრება

ამ ფონზე, 12 იანვარს ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება. 

კომენტარები