აშშ-ვენესუელა

ტრამპი: ვენესუელის გარდამავალი მთავრობა 30-50 მლნ ბარელ სანქცირებულ ნავთობს გადმოგვცემს

დონალდ ტრამპი ცეკვავს რესპუბლიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ, 2026 წლის 6 იანვარი.
AP Photo/Evan Vucci

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვენესუელის დროებითი ხელისუფლება აშშ-ს 30-დან 50 მილიონამდე ბარელ სანქცირებულ ნავთობს გადასცემს, რაც საბაზრო ფასად გაიყიდება. ტრამპის თქმით, გაყიდული ფული ამერიკელ და ვენესუელის "ხალხს სარგებელს მოუტანს".

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ვენესუელის გარდამავალი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცემს 30-დან 50 მილიონამდე ბარელ მაღალი ხარისხის სანქცირებულ ნავთობს. ეს ნავთობი გაიყიდება საბაზრო ფასად და ფულს გავაკონტროლებ მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რათა უზრუნველვყო, რომ ის ვენესუელისა და შეერთებული შტატების ხალხის სასარგებლოდ იქნება გამოყენებული! ენერგეტიკის მდივანს, კრის ურაითს ვთხოვე აღასრულოს ეს გეგმა დაუყოვნებლივ. ის (რედ. - ნავთობი) წამოღებული იქნება გადასაზიდი გემებით და პირდაპირ შეერთებულ შტატებში, პორტებში მოიტანენ გადმოსატვირთად." - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.

პარალელურად თეთრი სახლი ორგანზაციას უწევს შეხვედრას, რომელიც 9 იანვარს აშშ-ს ნავთობკომპანიების მაღალჩინოსნებს შორის გაიმართება და ვენესუელის ნავთობის საკითხს განიხილავენ. 

აშშ-მ 3 იანვარს ვენესუელაში სპეცოპერაცია ჩაატარა. საჰაერო მხარდაჭერის დახმარებით ამერიკელი სამხედროები კარაკასში დაეშვნენ და დააკავეს ქვეყნის დიქტატორი, ნიკოლას მადურო. ის საკუთარ ცოლთან ერთად აშშ-ს ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა. 

მადურომ და მისმა მეუღლემ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყვეს. მათ ბრალი ნარკო-ტერორიზმში, აშშ-ში იარაღისა და ნარკოტიკების შეტანის შეთქმულებაში ედებათ.

კომენტარები