Stranger Things

უცნაური ამბები დასრულდა, მაგრამ როგორ?

Stranger Things

უცნაური ამბები დასრულდა, მაგრამ როგორ?

დაახლოებით 10-წლიანი სატელევიზიო მარათონის შემდეგ, ნეტფლიქსისა და ძმები დაფერების ყველაზე წარმატებული პროექტი, უცნაური ამბები (Stranger Things) 2025 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს 5 სეზონითა და 42 ეპიზოდით დასრულდა.

უცნაური ამბები მსოფლიოს გარშემო ბევრი ადამიანისთვის განსაკუთრებულად ახლო და ძვირფასი გამოცდილება გახდა წლების განმავლობაში - იქნება Gen-Z-ის თუ Millenial თაობის რიგითი წარმომადგენელი - მათთვის, ვინც შოუს 10 წლის განმავლობაში ერთგულად ვუყურებდით, პერსონაჟებთან ერთად ვიზიარებდით, ვინც ხუთეულთან ერთად ვცდილობდით ჰოუკინსის მისტიკით გაჟღენთილი მიწისქვეშა სამყაროდან წამოსული თავსატეხების გახსნას, ვინც ვიგონებდით, ვატრიალებდით თეორიებს თავის მხრივ გაგვიჭირდა იმ პერსონაჟებთან, ქალაქთან და ამბავთან გამომშვიდობება, რის გარშემოც თავისუფლად შეგივძლია ვთქვათ, რომ "გავიზარდეთ". 

ამ სტატიით ვეცდები თქვენთან ერთად გამოვემშვიდობო ამბავს, რომელმაც ძალიან ბევრი რამ ასწავლა ჩემი თავის 14 წლის ვერსიას, გამოვემშვიდობო პერსონაჟებს, ვისთან ერთადაც გავიზარდე და ზრდასრულ ასაკამდე მოვიტანე თავი, ასევე დეტალურად განვიხილო ნეტფლიქსის პროექტის ისტორია, ჰოუკინსის ხუთეულის ამბავი და ცოტა დეტალიზებული ფორმით მოგაწოდოთ ყველაფერი, რაც შოუს ფინალური სეზონის გარშემო ტრიალდება და რისი თქმაც მინდა.

(აქვე გაფრთხილებთ, რომ ეს სტატია სპოილერებისგან დაცული არ იქნება - შოუს სანახავად 10 წელი გქონდათ, აქამდე რას მიკეთებდით?)

კარგი, მოვიმარჯვოთ რაციები, სანათები, ზურგჩანთები და დავიწყოთ - წასახემსებლის წამოღება არ დაგავიწყდეთ.

"მონტოკის პროექტი"

უცნაური ამბები 1970-1980-იანი წლების ბოლომდე მონაკვეთში განვითარებული ქრონიკის შესახებ მოგვითხრობს.

ძმები დაფერების ორიგინალ პროექტს, თავდაპირველად "მონტოკი" ერქვა - რეჟისორების ინსპირაცია 70-იანი წლების ამერიკაში მზარდად გავრცელებული კონსიპრაციული თეორია გახდა, რის მიხედვითაც ნიუ-იორკის შტატში, მონტოკში მდებარე საიდუმლო სამხედრო-სამეცნიერო ბაზაზე აშშ ზებუნებრივი უნარების მქონე ადამიანებზე ცდებს ატარებდა, რათა მათგან უზენაესი მებრძოლების დანაყოფი შეექმნა.

მონტოკის პროექტის გარეკანი

ამ ამბის შესახებ პირველად პრესტონ ნიკოლსმა და პიტერ მუნმა დაიწყეს საუბარი, წიგნის სერიაში "მონტოკის პროექტი, ექსპერიმენტები დროში" 

ჩვენამდე მოღწეული ცნობებით, ადამიანებს, რომლებზეც მონტოკის სამხედრო ბაზაზე ცდებს ატარებდნენ, განვითარებული ჰქონდათ უჩვეულო ფსიქიკური, ტელეპათიური ძალები (იქნება ეს ტელეკინეზი, სხვისი აზრების კითხვა, მათი მართვა, დროის მანიპულირება თუ განზომილებებში მოგზაურობა, ანუ დროის რღვევა). 

თუმცა, აღნიშნულ თეორიაზე არანაირი ფაქტობრივი ჩანაწერი არ არსებობს (რა თქმა უნდა).

მონტოკის სამეცნიერო ბაზა

საბოლოოდ, დაფერსებმა პროექტს უცნაური ამბები დაარქვეს, ხოლო 2016 წლის ზაფხულში, Netflix-ის პლატფორმაზე სერიალის პირველი სეზონი ჩაეშვა სტრიმინგში.

უცნაური ამბები იმ შოუთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელსაც მაყურებელი და გულშემატკივარი სეზონიდან სეზონამდე, წლიდან-წლამდე მოუთმენლად ელოდა, ხოლო თითოეული სეზონის გამოსვლის დღიდან, შეუძლებელი იყო ეკრანს მოწყვეტა - დაახლოებით იგივე, რაც Game of Thrones-ის (სატახტოთა კარის თამაშები) ფენომენი იყო HBO-ს მხრიდან იმავე დროის მონაკვეთში. 

სეზონიდან-სეზონამდე - ქრონოლოგიურად დავალაგოთ ყველაფერი:

თხრობა 1983 წელს, ინდიანას შტატში მდებარე ფიქციურ ქალაქში, "ჰოუკინსში" იხსნება. ჰოუკინსი ერთი შეხედვით რიგითი პატარა ამერიკული ქალაქია, თანაც ძალიან მოსაწყენი - იმდენად მოსაწყენი, რომ ის ცნობილია, როგორც "ქალაქი, სადაც არაფერი არ ხდება". 

ჰოუკინსის ლაბორატორიაში სამეცნიერო გუნდი "ეგზოტიკურ მატერიაზე" მუშაობს, რომელიც პარალელური სამყაროს Upside Down-ის (იგივე თავდაყირა-ს) ნაწილია. Upside Down-ი სერიალის ერთგვარი მთავარი პერსონაჟია, რომელიც ქალაქ ჰოუკინსის იდენტური, უფრო ბნელი, ზებუნებრივი არსებებით, ანომალიებით სავსე ვერსიაა - დაფერსები და პროდიუსერი, შონ ლევი ამ განზომილებასთან წლების გარშემო ტრიალებდნენ და საბოლოოდ მივიდნენ მის სრულყოფილ ვერსიამდე.

ანუ, "რაც ზემოთ, ის ქვემოთ" - ეს არის ერთგვარი ხიდი ჰოუკინსსა და უკიდეგანო უფსკრულს, განზომილება X-ს (Abyss) შორის, სადაც მთავარი მონსტრი და ერთ-ერთი ანტაგონისტი, Mind Flayer (გონმტყავებელი) ბუდობს; ის ათასწლოვანი არსებაა, რომელიც პლანეტების განადგურებით, მითვისებითა და გაქრობით საზრდოობს, ხოლო ამ შემთხვევაში მან გადაწყვიტა დედამიწა "შეჭამოს", და პირველ კარიბჭეს ჰოუკინსში ხსნის ვეკნას (ჰენრი კრილის) დახმარებით.

გონმტყავებელი

ფატალური შეცდომების და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, თუ რას იწვევს მოპოვებული მატერიის ნაწილი, 1940-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთი მეცნიერი გადაწყვეტს კანიონში დამალოს - ამ კანიონს იმ დროში 7 წლის ჰენრი კრილი (მთავარი ანტაგონისტი, ვეკნა, იგივე 001) პოულობს, კრილს მატერია ზებუნებრივ ძალებს ანიჭებს, აგონიაში მყოფი მეცნიერს კლავს და გონმტყავებლის ვასალი ხდება, მისივე ნებით.

კარგი, დავუბრუნდეთ ჩვენს პერსონაჟებს.

პირველი სეზონის პირველ ეპიზოდში ვხედავთ როგორ გადადის კადრი უილერების სახლზე - 12 წლის მაიკ უილერი (ფინ ვოლფჰარდი), დასტინ ჰენდერსონი (გატენ მატარაცო), ლუკას სინკლერი (კალებ მაკლაფლნი) და უილ ბაიერსი (ნოა შნეპი) სარდაფში DND- (Dungeons and Dragons)-ს თამაშობენ - 80-იანების კლასიკური "ნერდული" ესთეტიკის ქვაკუთხედი.

უილი, მაიკი, დასტინი და ლუკასი

DND ფანტაზიური სამაგიდო, როლური თამაშია (tabletop RPG), სადაც მოთამაშეებს საშუალება აქვთ ერთად შექმნან მათი პერსონაჟები, მათი წარმოშვობა, წინარეისტორია, კლასი და უნარები - თამაში ვითარდება წარმოსახვით სამყაროში (დრაკონები, მაგია, მონსტრები და ა.შ.); ერთი მოთამაშეს ენიჭება Dungeon Master (ციხესიმაგრის უხუცესის) სტატუსი და ფაქტობრივად სხვა მოთამაშეებისთვის ქმნის ან წერს ისტორიას, ასევე მართავს სამყაროს.

თამაში დამოკიდებულია კამათლებზე, და ასევე, აქ არ არსებობს "მოგების/წაგების" კონცეფცია, ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება ისტორიაზე, არჩევანსა და მოთამაშეების ფანტაზიაზე.

ბავშვებისთვის ჩვეულებრივი საღამოა, ისინი სამაგიდო თამაშებს თამაშობენ, სანამ არ დაიშლებიან, სახლისკენ ველოსიპედით მიმავალ უილს დემოგორგონი (გონმტყავებლის განზომილებიდან მოსული არსება) Upside Down (თავდაყირა)-ში იტაცებს, სადაც ვეკნა უილში გონმტყავებლის ნაწილს ათავსებს - ბიჭი 1 კვირის განმავლობაში იკარგება. 

უილის მეგობრები მის ძებნას იწყებენ, რის დროსაც ჰოუკინსის საიდუმლო ლაბორატორიიდან გამოქცეულ ელევენს, სერიალის მთავარ გმირს (მილი ბობი ბრაუნი) იპოვიან - აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ოფიციალურად იწყება ჩვენი ამბავი. 

ცენტრში ელევენი

ელევენი დოქტორი ბრენერის საიდუმლო პროგრამის ნაწილია, პროგრამის, რომლის პირველი სატესტო სუბიექტი ჰენრი კრილი (ვეკნა) იყო; ამ პროგრამას დოქტორი ბრენერი ხელმძღვანელობდა, კრილი ყველა სატესტო სუბიექტს კლავს, მაგრამ ვერ ამარცხებს ელევენს, რომელიც მას თავდაყირაში გადატყორცნის და პირველ კარიბჭეს გახსნის ჰოუკინსში - კრილი გადარჩენას ახერხებს, გონმტყავებლის მსახური ხდება და მისი გეგმის სიცოცხლეში მოყვანასა და კარიბჭეების გახსნაში ეხმარება - კარიბჭეების, რომლითაც გონმტყავებელი პლანეტაზე უნდა შემოვიდეს და დედამიწა "ჩაყლაპოს", მიითვისოს. 

 

გადის წლები, ვბრუნდებით ბიჭებთან და ლაბორატორიიდან გამოქცეულ ელევენთან - ბრენერი ელზე ნადირობას იწყებს, რათა ბაზაზე დააბრუნოს.

აქ უკვე შემოდის ჯიმ ჰოპერის (დევიდ ჰარბორი) პერსონაჟი, ჰოუკინსის შერიფი, რომელიც გაუჩინარებული ბაიერსის ამბავს იძიებს, ასევე ვხვდებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან პერსონაჟს, ჯოის ბაიერსს (ვაინონა რაიდერი), უილის დედას.

ჰოპერი და ჯოისი

დემოგორგონი (DND-ის ერთ-ერთი მონსტრი, რომელსაც ბიჭები სერიალში ერთ-ერთ მონსტრის სახეობას უწოდებენ, რომლებიც თავდაყირაში ბუდობენ) უილის შემდეგ, რამდენიმე ბავშვს, მათ შორის ნენსის (ნატალია დრაიერი), მაიკის დის მეგობარს, ბარბარას იტაცებს და კლავს - ჰოუკინსი აღარ არის უსაფრთხო ქალაქი - შერიფი ჰოპერი უილის ამბის პარალელურად იგებს, რომ ლაბორატორია არცისე კეთილსინდისიერად მუშაობს და ძალიან ბევრ რამეს მალავს, მათ შორის უილის გაუჩინარების ამბავს უბედურ შემთხვევად ასაღებს ყალბი ცხედარით - ჰოპერი ცალკე იწყებს გამოძიებას და საბოლოოდ ყველაფრის მიზეზშედეგობრივი ჯაჭვიც იკვრება - შერიფი ლაბორატორიის გამოაშკარავებას და ჯოისის დახმარებას გადაწყვეტს.

ჰოპერი და ჯოისი უილს თავდაყირიდან დაიბრუნებენ, თუმცა უილი უკვე გონმტყავებლის "აგენტია", მონსტრი ბავშვს მართავს და მუდმივად მანიპულირებს მასზე ფლეშბექებითა და კოშმარებით. 

საბოლოოდ, ჩვენი ცენტრალური პერსონაჟებისთვის ყველაფერი ცხადდება, პირველი სეზონის ფინალურ ეპიზოდში გონმტყავებლის ნაწილი უილიდან ნაწილობრივ გადის, ხოლო ელევენი "უჩინარდება", ე.წ. კლიფჰენგერის პიკი - ვიგებთ, რომ ლაბორატორიის მიწისქვეშეთში დამაკავშირებელი კარიბჭეა თავდაყირასთან. 

პირველი სეზონი ძალიან ბევრი მიზეზის გამო იყო განსაკუთრებული, რადგან წარმოადგენს ერთგვარ ჩარჩოს და მუდმივას, რაც სერიალს ბოლო სეზონამდე მიჰყვება - მეგობრობა, სიყვარული, ბავშვობა, ტრავმული გამოცდილებები და რაც მთავარია, ინსტიტუციონალური საიდუმლოებები.

უცნაური ამბების პირველმა სეზონმა სრული გარღვევა მოახდინა სატელევიზიო ბაზარზე. 8 ეპიზოდზე გადანაწილებულ საეკრანო დროში ჩადებულმა შრომამ და დაფერსების ჩამოყალიბებულმა ხედვამ "თავის გასაკეთებელი გააკეთა" და შედეგად შოუმ წლის ბოლოს 5 Emmy-ს ჯილდო დაიმსახურა, ასევე People's Choice Awards-ის 2 ჯილდო, MTV-ის დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო შოუს ტიტული, და კიდევ ბევრი ნომინაცია, რომლის ჩამოთვლაზე დროს არ დავხარჯავ. 

დაფერსებმა სრუპლუოზურად შეკრეს 80-იანების ესთეტიკური ხაზი - იქნება ეს საერთო ატმოსფერო, სეტ დიზაინი, კასტინგი, მუსიკალური სელექცია (ამაზე ცოტა ვრცლად ქვემოთ ვილაპარაკებ) თუ კომპოციური გაფორმება, ყველა ჩამოთვლილი არის მთავარი ნიშა, რის გამოც შოუს ამხელა მასშტაბის რეზონანსი ჰქონდა მაყურებელზე. 

მეორე სეზონი - ხუთეულს კიდევ ერთი ცენტრალური პერსონაჟი, მაქს მეიფილდი (სედი სინკი) და მისი ძმა, ბილი (დაკრი მონტგომერი) ემატება, რომელიც მესამე სეზონში ერთ-ერთი ცენტრალური ანტაგონისტი ხდება - უფრო მეტს ვიგებთ თავდაყირას შესახებ - ასევე, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ჰოპერმა ელევენი იპოვა და მის სახლში მალავს ბრენერისგან. 

მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, როგორებიც არიან სტივ ჰარინგტონი (ჯო კერი), ჯონათან ბაიერსი [უილის ძმა] (ჩარლი ჰიტონი), ნენსი უილერი ცენტრალური პერსონაჟები ხდებიან ხუთეულთან ერთად - შემოდის ასევე მიურეი ბაუმანის (ბრეტ გელმანი) პერსონაჟი - "ჩარეცხილი" კერძო დეტექტივი / ჟურნალისტი, რომელიც ნენსის მეგობრის, ბარბარას "გაუჩინარების" ამბავს იძიებს.

ასევე, ბევრ დეტალს ვიგებთ ელევენის წარსულის, მისი მშობელი დედის შესახებაც - მაიკის და ელევენის ურთიერთობის ხაზი უფრო დომინანტური ხდება დრამატურგიული განვითარებისთვის.

ელევენი ილინოის შტატში მის დაკარგულ "დას", 008-ს (კალის) პოულობს და ბოლოს ჰოუკინსში ბრუნდება, რათა კარიბჭე დახუროს. 

კალი და ელევენი

 

სერიალის პრაიმი

ყველაზე შემდგარი სეზონები, ალბათ მე-3 და მე-4 სეზონი გამოდგა - ეს პირველ რიგში განპირობებულია თემატური კონტექსტით; მესამე სეზონში დაფერსები "ცივი ომის პარანოიის" პარადიგმიდან ყვებიან ბავშვების ამბავს - აქ უფრო შემოდის პოლიტიკური, თუ ისტორიული კონტექსტი, ჯენტრიფიკაციისა და საარჩევნო საკითხებიც, წითლებისა და ლურჯების დაპირისპირების პარალელები - ვიგებთ, რომ საბჭოთა სამეცნიერო გუნდი ჰოუკინსში კარიბჭის გახსნას ცდილობს, ისევე როგორც მათ მიწაზე. 

შვიდეული ჰოუკინსში ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას იქამდე, სანამ მაქსის ძმას, ბილს გონმტყავებელი ჩაუსახლდება და ქალაქის მაცხოვრებლების "ჭამას დაიწყებს"; ვიგებთ, რომ ბილი ექვსფეხა მონსტრს მის მიერ დაჭერილი მსხვერპლების გონმტყავებლის ნაწილით გამოკვების საშუალებას აძლევს, რის შედეგადაც ისინი საკუთარ თავს და სხეულს კარგავენ.

ამავდროულად სტარკორტის მოლში მდებარე მიწისქვეშა რუსულ სამხედრო-სამეცნიერო ბაზას სტივი, დასტინი და რობინი (მაია ჰოუკი) გარედან ცდილობენ რომ გატეხონ. 

ბაზაზე, მეცნიერი სმირნოვის მიერ აწყობილი მანქანის აფეთქებას, რომლითაც წითლები კარიბჭის გახსნას ცდილობენ ჰოპერი "ეწირება", ელევენი ბაიერსების ოჯახთან ერთად ფლორიდაში გადადის საცხოვრებლად, სეზონი მთავრდება. 

დრამატურგიული თვალსაზრისით, ეს სეზონი სოლიდურ კონტრასტს გვთავაზობს გარდატეხის ასაკსა და პერსონაჟების ემოციურ პროცესებზე, ასევე ძალიან ფრთხილად და კარგად გაწერილ ქვიარ რეპრეზენტაციას უილის სახით.

მეოთხე სეზონში ყველაფერი კარდინალურად იცვლება, პერსონაჟები უკვე თინეიჯერობის ბოლო ფაზებში არიან, შემოდის უფრო მეტი მითოლოგემა თავდაყირის შესახებ და გვემატება მთავარი მანამდე ხსენებული ერთ-ერთი მთავარი ანტაგონისტი, ჰენრი კრილი (იგივე ვეკნა და სატესტო სუბიექტი 001).

ვეკნა სერიულად იტაცებს და კლავს ჰოუკინსში მცხოვრებ ახალგაზრდებს - ადამიანებს, ვინც მათში ბნელ წარსულს, ინტრუზიულ ფიქრებსა და დამოკიდებულებებს ატარებენ, ამ შემთხვევაში კრილი ერთგვარი განკითხვის მსაჯულის არქეტიპია და მისი მესიჯი მხოლოდ "ადამიანის მანკიერ სახეხატებაზე" და იმაზე გადის, რომ ყველაფერს მოსდევს თავის "შედეგი / პასუხისგება".

ჰენრი კრილი

 

ვეკნად ქცეული ჰენრი კრილი

ასევე, გახსოვთ მანამდე რომ ვთქვი, "ჰოპერი" მოკვდა თქო? არა მეგობრებო, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც დაფერსებს სერიალთან მიმართებით აქვთ, ეს "საკვანძო პერსონაჟების მოუშორებლობაა".

ვიგებთ, რომ ჰოპერი საბჭოთა ჯარებმა კამჩატკაში წაიყვანეს პატიმრად, საიდანაც ის მიურეის და ჯოისს ერთ-ერთი სამხედროს დახმარებით წერილს უგზავნის, მის დასახსნელად.

უცნაურ ამბებს ყოველთვის ჰყავდათ მეორეხარისხოვანი საკვანძო პერსონაჟები, იგივე "განტევების ვაცები", რომლებზეც მთელი დრამატურგიული კვანძი იგებოდა და იმის სანაცვლოდ, რომ მთავარი პერსონაჟების ცოცხლად დარჩენა დაკომპენსირებულიყო, სცენარისტები ამ პერსონაჟებს იყენებდნენ ამბის გასაგრძელებლად. 

ასეთი პერსონაჟები იყვნენ (ბობ ნიუბაი, ბილი, მეოთხე სეზონში - ედი მანსონი [ჯოსეფ ქუინი] ).

კარგი, სადაც ამდენი კარგი ვილაპარაკეთ, უკვე დროა ფინალური სეზონის ნაკლოვანებებსა და მის გარშემო განვითარებულ "ჰაიპზე" გადავიდეთ .

მეხუთე სეზონი, "შესაბამისობის კარი" და რა შეიძლებოდა ყოფილიყო

შოუს ფინალურ სეზონს ათასობით ადამიანი მსოფლიოს გარშემო 3 წლის განმავლობაში მოუთმენლად ელოდებოდა - აღნიშნულს განსაკუთრებით ამძაფრებდა მეოთხე სეზონის დასასრული, რომელმაც სერიალის თხრობა პრე-აპოკალიპტურ მოცემულობაში გაწყვიტა.

აქედან გამომდინარე, თამასა უკვე ძალიან მაღლა იყო ასული. 

უცნაური ამბების ფინალური სეზონი სამ ნაწილად იყო გაყოფილი: პირველი ნაწილი სტრიმინგში 2025 წლის 26 ნოემბერს ჩაეშვა, მეორე ნაწილი 25 დეკემბერს, შობის ღამეს, ხოლო ფინალური ეპიზოდი, რომელიც თითქმის 3 საათს უნდა გაგრძელებულიყო (და რატომღაც დაფერსებმა ქრონომეტრაჟი შეამცირეს...) ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს.

თხრობა "პოსტ-მიწისძვრის" შემდგომ ჰოუკინსში იხსნება, ქალაქი კარანტინშია, ჩვენი გმირები კი მილიტარისტული დანაყოფის წინააღმდეგ ჩუმად აწყობენ რეიდებს თავდაყირაში, რათა გაუჩინარებული ვეკნას ადგილსამყოფელს მიაკვლიონ. 

ოთხეულისთვის სკოლაში დამამთავრებელი წელია, მაქსი ვეკნამ კომაში ჩააგდო, ელევენი კი ვეკნას წინააღმდეგ ბრძოლისთვის ემზადება - ჰოუკინსის ცენტრში თავდაყირასთან დამაკავშირებელი დიდი კარიბჭეა, რომელიც მილიტარისტული დანაყოფების ზედამხედველობის ქვეშაა. 

 

ვეკნა 12 ბავშვს განზომილება X-ში იტაცებს (მათ შორის ჰოლის, მაიკის პატარა დას), რათა გონმტყავებლის გეგმის ბოლო ეტაპზე გადავიდეს და ორი სამყარო გააერთიანოს. 

ფინალური სეზონზე ფანბეისში დიდი უკმაყოფილების ტალღა გაჩნდა - ერთის მხრივ ეს გამოწვეული იყო სცენარში არსებული "ნაპრალებიდან", პერსონაჟების კათარზისის, ერთგვარი შემაჯამებელი გარდატეხის ნაკლებობით, დარჩენილი კითხვებითა და "ღია დასასრულით", რომელზეც ცოტა ვრცლად ქვემოთ აბზაცებში ვისაუბრებ.

უნდა აღინიშნოს, რომ მე-5 სეზონის გადაღებების დაწყეებას "სცენარისტთა გაფიცვა" დაემთხვა ჰოლივუდში, რის ფარგლებშიც ინდუსტრიაში წამყვანი სტუდიების სცენარისტები, სტრიმინგ პლატფორმების, დაბალი ანაზღაურების, კრეატიული უფლებების დარღვევის ფაქტებსა და ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის დომინაციის წინააღმდეგ გაიფიცნენ.

მე-5 სეზონის პირველი ნაწილი სოლიდური ტემპით კრეფს დრამატურგიულ წონას და თავის მხრივ მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, ჰოპერი და ელევენი თავდაყირაში რეიდზე რჩებიან, ვეკნა ბრუნდება და ვიგებთ, რომ უილს ვეკნას და ჰაივმაინდის კონტროლი შეუძლია (ვინ იფიქრებდა...), სეზონის პირველი ნაწილი მთავრდება.

მეორე ნაწილში, სცენარში არსებული ნაკლოვანებები უფრო გამოკვეთილად ჩანს და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს რეჟისორებს ძალიან ეჩქარებოდათ ფინალურ წერტილამდე მისვლა - მუდმივი სასფენსი, ექშენი ამ შემთხვევაში დამაკომპენსირებელი ინსტრუმენტია, რომელიც წლების განმავლობაში მიჯაჭვულ მაყურებელს უბრალოდ გულგრილს ვერ ტოვებს იმ ამბის მიმართ, რაც გულწრფელად უყვარს.

რეჟისორები ერთდროულად ცდილობენ ჰოუკინსის საგის დასრულებას და ფანებისთვის დამაკმაყოფილებელი დასასრულის მიწოდებას, თუმცა მთავარი კითხვა აქ არის ის, თუ როგორ გამოსდით ეს?

ჯგუფი განზომილება X-ში ადის და ძალიან მოკლე დროში კლავს ვეკნას და გონმტყავებელს, შემდეგ აფეთქებს თავდაყირას ბირთვს, სადაც შემოდის ელევენის "თავგანწირვის" საკითხიც - თავის მხრივ ხმამაღალი და პრეტენზიული გადაწყვეტაა, პროტაგონისტს, ანტაგონისტებსა და სამყაროს რომელსაც 10 წლის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილით აშენებ პიკის წერტილზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის მიღმა იშორებ და ასე ასრულებ ამბავს.

ვხედავთ მაიკს, კარიბჭესთან მდგომ ელევენს - ელი მაიკს ტელეპათიურად ემშვიდობება, გვესმის პრინცის საკულტო კომპოზიცია, Purple Rain - ელი მაიკს ეუბნება, რომ უნდა გაიაზროს მისი გადაწყვეტილება და ამის გააზრებაში სხვებსაც დაეხმაროს (მაიკი ხომ ყოველთვის Storyteller-ი იყო DND-ის თამაშის დროს...)

ბირთვი უსასრულოსივრცის კედელს არღვევს, თავდაყირა ქრება და მათთან ერთად ელევენიც, თუმცა ვიგებთ გულისცემის ხმას.

აფეთქებიდან გადის 2 წელი - მაიკი, დასტინი, ლუკასი, უილი და მაქსი სკოლას ამთავრებენ და უილერების სარდაფში, ისევ DND-ის თამაშობენ, უბრალოდ ამჯერად უკანასკნელად. 

მაიკი სხვებს სუბვერსიულად უყვება ელევენის შესაძლო "გადარჩენის" ამბავს ერთადერთი მესიჯით - "გჯეროდეთ".

ჯგუფი უილერების სახლს ტოვებს, მაიკი კიბეზე ადის, როცა ჰოლი (მისი პატარა და) და მისი მეგობრები DND-ის სათამაშოდ ჩამოდიან; ზრდასრული მაიკ უილერი ბავშვებს უყურებს, თან ერთიანად იხსენებს ყველაფერს - ელევენს, მის მეგობრებს და მათ ისტორიას.

შუქი მაიკზე ეცემა, უილერი კარიდან გადის და შოუც სრულდება.

კონფორმისტის კარი, ანუ უნდა "გვჯეროდეს" თუ არა?

ფინალის ამგვარმა გადაწყვეტამ ძალიან ბევრ ფანს დასწყვიტა გული. გაჩნდა თეორია იმის შესახებ, რომ მაიკი რეალურად ვეკნას წყევლის ქვეშ არის - ეს პირველ რიგში, განპირობებულია ფინალის ვიზუალური მხარიდან, სკოლის დამთავრების ცერემონიაზე მანტიები ნარინჯის ფერია, როცა რეალურად მწვანე ფერის უნდა იყოს, ხალხი, რომლებიც ჰენრი კრილის მსგავს პოზაში დგანან (რადგან რეალობა მისი ცნობიერების ბაზაზე ყალიბდება), სტივ ჰარინგტონი, რომელიც ზრდასრულობაში ბეისბოლის მწვრთნელი გახდა, როცა სულ კალათბურთს თამაშობდა (ვეკნას სტივი მხოლოდ მისი ბეისბოლის ბიტით ახსოვს); ასევე უილი, რომელიც 1950-იანებში დახურული რესტორნის სახელს იხსენებს, როცა ბიჭები რესტორნის დახურვის შემდეგ გაჩნდნენ.  

რამდენადაც უკმაყოფილო არ უნდა იყოს ადამიანი ამგვარი დასასრულით, მთავარი მაინც არ ქრება - მეგობრობა და სიყვარული, ორი ელემენტი, რაც ბოროტს მაინც საწყისშივე სძლევს.

უცნაურ ამბები არ იყო რიგითი პოპულარული სერიალი - შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ რას ვიზამთ.

ეს შოუ იქცა უსაფრთხო სივრცედ ყველა ადამიანისთვის - ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ რამხელა ძალა აქვს ბავშვობის მაგიას ჩვენზე; ამბავი, რომელმაც გვასწავლა, რომ არ უნდა გვეშინოდეს ღამის საშინელებების, რადგან ჩვენს გარშემო ყოველთვის არის ის, რაც უკანასკნელზე ყოველთვის გაიმარჯვებს და ძლიერია - ანუ, მეგობრობა. 

ახლა კი, ბევრ ჩვენგანს მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მაიკ უილერივით დავხუროთ კარები ჩვენი ცხოვრების ამ თავში და გვახსოვდეს, რომ: 

We can be heroes, just for one day (David Bowie, "Heroes", 1977). 

კომენტარები