ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა აშშ-სთან მიმართებით რიტორიკა შეარბილა.
როდრიგესმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მან თქვა, რომ ვენესუელა "მიისწრაფის საგარეო საფრთხის გარეშე ცხოვრებისკენ" და "აქვს სუვერენიტეტის უფლება". ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აშშ-ს მოუწოდებს, იმუშაონ "კოოპერაციულ დღის წესრიგზე".
"ვიწვევთ შეერთებული შტატების მთავრობას, იმუშაონ ჩვენთან საერთო განვითარებისკენ მიმართული კოოპერაციული დღის წესრიგის ფარგლებში, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და იმისთვის, რომ გაძლიერდეს ხანგრძლივი საზოგადოებრივი თანაცხოვრება." - თქვა როდრიგესმა.
"ჩვენი ხალხი და ჩვენი რეგიონი იმსახურებს მშვიდობასა და დიალოგს, არა ომს. ეს ყოველთვის იყო პრეზიდენტი ნიკოლას მადუროს პოზიცია და არის ვენესუელის პოზიცია ახლაც. ეს არის ვენესუელა, რომლისაც მწამს, ვენესუელა, რომელსაც ჩემი სიცოცხლე მივუძღვენი. ჩემი ოცნება არის, რომ ვენესუელა იყოს დიდი ძალა, სადაც ყველა კარგი ვენესეულელი გაერთიანდება." - თქვა როდრიგესმა განცხადებაში.
აქამდე, 3 იანვარს ტრამპმა თქვა, რომ როდრიგესი ესაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და შეთანხმდნენ გარდამავალ მთავრობაზე მუშაობაზე. თუმცა აქედან მცირე ხნის შემდეგ როდრიგესი აგრესიული სიტყვით გამოვიდა, აშშ ვენესუელაში შეჭრაში დაადანაშაულა და მადუროს დაბრუნება მოითხოვა.
ამის შემდეგ ტრამპი როდრიგესს დაემუქრა და თქვა, რომ თუ ის სწორ ნაბიჯს არ გადადგამს, "დიდ ფასს გადაიხდის".
როდრიგესი მოქმედ პრეზიდენტად ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ 4 იანვარს გამოაცხადა.





