კუბის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 3 იანვარს აშშ-ს მიერ ვენესუელაში ჩატარებულ ოპერაციას 32 კუბელი ოფიცრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
განცხადების მიხედვით, კუბელი სამხედრო და პოლიციის ოფიცრები ვენესუელაში მისიით ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით იმყოფებოდნენ. გაურკვეველია თუ რა მისიას ასრულებდნენ კუბელი სამხედროები კარაკასში. კუბა ვენესუელას ახლო მოკავშირეა და წლების განმავლობაში ჰავანა კარაკასს სამხედრო და საპოლიციო ძალებით ეხმარებოდა.
4 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ოპერაციის დროს "ბევრი კუბელი მოკვდა".
მსხვერპლის შესახებ ცნობა გაავრცელა ვენესუელის რეჟიმმაც, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ დაღუპულთა რაოდენობა.
ოფიცრების დაღუპვასთან დაკავშირებით კუბაში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.
"უსაფრთხოებისა და დაცვის საკუთარი მოვალეობისადმი ერთგულებით, ჩვენმა თანამოქალაქეებმა შეასრულეს ვალდებულება ღირსებითა და გმირობით და დაეცნენ მედგარ წინააღმდეგობაში თავდამსხმელებთან პირდაპირ ბრძოლასა თუ ობიექტების დაბომბვის შედეგად." - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოვლენების ეპიცენტრში კუბელებიც აღმოჩნდენ, რადგან ისინი ნიკოლას მადუროს უსაფრთხოების აპარატს ხელმძღვანელობდნენ.
"ყველა მცველი, ვინც მადუროს იცავდა, კარგადაა ცნობილი, მეთელი ჯაშუშური სააგენტო, ეს ყველაფერი სავსე იყო კუბელებით." - თქვა რუბიომ.
აშშ-მ 3 იანვარს ვენესუელაში სპეცოპერაცია ჩაატარა. საჰაერო მხარდაჭერის დახმარებით ამერიკელი სამხედროები კარაკასში დაეშვნენ და დააკავეს ქვეყნის დიქტატორი, ნიკოლას მადურო. ის საკუთარ ცოლთან ერთად აშშ-ს ტერიტორიაზე გადაიყვანეს.





