აშშ-მ წყნარ ოკეაში იერიში მიიტანა კიდევ ერთ ნავზე, რომელსაც ბრალად ნარკოტიკების გადატანა ედებოდა. დაიღუპა ორი ადამიანი. იერიშის შესახებ ცნობა აშშ-ს სამხრეთის სარდლობამ გაავრცელა.
ეს, სექტემბრის შემდეგ, უკვე 30-ე მსგავსი იერიშია. დარტყმებს ჯამში 107-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
სამხრეთის სარდლობის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მცირე ზომის ნავი, რომელიც სამიზნეშია ამოღებული. მცირე ხნის შემდეგ ობიექტი ფეთქდება. მათივე ცნობით, სამიზნე 29 დეკემბერს გაანადგურეს.
პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 30 დეკემბერს გააკეთა კომენტარი გასულ დღეებში ნათქვამ სიტყვებზე, რომლებიც მიუთითებდა, რომ აშშ-მ იერიში მიიტანა ვენესუელის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტზე. ტრამპის თქმით დაარტყეს ნავსაყუდელის ზონას, სადაც, მისივე თქმით, ნავებს ნარკოტიკებით ტვირთავდნენ. პარალელურად, ამერიკული მედიები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ იერიში აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) დრონების გამოყენებით მიიტანა.
აშშ-მ ნარკოტრეფიკინგში დადანაშაულებულ ნავებზე იერიშები ვენესუელაზე წნეხის გაზრდის პარალელურად დაიწყო. ტრამპის ადმინისტრაციამ ნიკოლას მადუროს რეჟიმს 11 დეკემბერს ახალი სანქციები დაუწესა. აშშ-მ დაიწყო ვენესუელასკენ მიმავალი სანქცირებული ხომალდების დაკავება და ნავთობის ბლოკადა.





