ლევან ჯანგველაძის მკვლელობა

ადვოკატი: ობიექტური სასამართლოს პირობებში ვიბრძოლებთ, რომ დავამტკიცოთ ოთარის უდანაშაულობა

გაგი მოსიაშვილი, ოთარ ფარცხალაძე

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ბრალის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ ჯერ არ იციან, თუ რა მტკიცებულებები დევს საქმის მასალებში, თუმცა ბრალს არ აღიარებენ. 

მისი თქმით, არანაირი კავშირი ჯანგველაძის მკვლელობასთან ფარცხალაძეს არ აქვს, ამიტომ სამართლიან სასამართლოში იბრძოლებენ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

"ჩვენ გიდასტურებთ, რომ ბრალი წარგვედგინა, თუმცა, ეს ბრალი რას ეყრდნობა, მასალები ჩვენ არ ვიცით. ვვარაუდობ, რომ ეს 32-ტომიანი მასალები არის წინა, სხვისი საქმეები, რომლებმაც თავი მოიყარა ერთიანად ამ საქმეში. ამიტომ კონკრეტული პირის, თუ პირთა ჩვენებები, რა დევს საქმეში, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ...

ეს არის ალბათ ის ძველი საქმის მასალები, რომელზეც სასამართლოში მიმდინარეობს საქმეები და მათ შორის ე.წ. მსჯავრდებული უძილაურის სისხლის სამართლის საქმე. ეს არ ვიცით, თუმცა ვიცით ის, რომ დაუსაბუთებლად ბრალი არის წარდგენილი. მზად ვართ, რომ სამართლიან სასამართლოში ვიბრძოლოთ, ობიექტური სასამართლოს პირობებში, რომ დავამტკიცოთ ოთარის უდანაშაულობა.

პირადად ჩემში, აღშფოთება გამოიწვია წარდგენილმა ბრალმა... იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წარდგენილ ბრალს, ფაქტობრივად, არ ვაღიარებთ და არანაირი კავშირი, კომუნიკაცია აღნიშნული სისხლის სამართლის საქმესთან არ გვქონია, ჩვენ, რაღა თქმა უნდა, საქმის მასალების გაცნობის შემდგომ, თუ მოგვეცა ამის შესაძლებლობა, ჩვენ მოვითხოვთ, არცერთი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილიყოს პირის მიმართ." - თქვა ადვოკატმა.

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ბრალი ედება ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში. მასზე გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები