რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-ში შეხვედრის შემდეგ ტრამპმა და ზელენსკიმ მიანიშნეს, რომ სამშვიდობო შეთანხმება ახლოსაა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაიამიში, 28 დეკემბერი, 2025 
Getty Images

28 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, რის ფარგლებშიც უკრაინისა და ამერიკის მხარეებს შორის ომის დასამთავრებლად სამშვიდობო გეგმის განხილვა მოხდა.

რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ ტრამპმა და ზელენსკიმ ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს. ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასამთავრებლად პროგრესი იყო. 

"ვფიქრობ, [შეთანხმებას] მივაღწევთ," თქვა ტრამპმა შეხვედრის შემდეგ, თუმცა დაამატა, რომ არ სურს იმის თქმა, თუ როდის მოხდება ეს. პრესკონფერენციაზე მხარეებს ასევე არ დაუკონკრეტებიათ, თუ რაზე მოხდა შეთანხმება.

თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს მოლაპარაკებებისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა მშვიდობის მიმართ. 

ზელენსკის თქმით, ფიქრობს, რომ აშშ და უკრაინა "90 პროცენტით შეთანხმდნენ" გადამუშავებულ 20-პუნქტიან გეგმაზე და "100 პროცენტით შეთანხმდნენ" უსაფრთხოების გარანტიებზე. 

"მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს მოლაპარაკებებისთვის. მადლობელი ვარ აშშ-ს მხარდაჭერისთვის. ერთად ჩვენ უნდა - და შეგვიძლია - დავნერგოთ მშვიდობისკენ ნაბიჯების თანმიმდევრულად გადადგმის ჩვენი ხედვა." - დაწერა ზელენსკიმ X-ზე მაიამიში ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები