ლიბიის არმიის შტაბის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მოჰამედ ალი აჰმედ ალ-ჰადადი 4 ლიბიელ სამხედრო მაღალჩინოსანთან ერთად თურქეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.
ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
აქამდე ლიბიელი მაღალჩინოსნები თურქეთის თავდაცვის მინისტრსა და სხვა სამხედრო თანამდებობის პირებს შეხვდნენ. თურქი მაღალჩინოსნების ცნობით, თვითმფრინავის დედაქალაქ ანკარიდან აფრენის შემდეგ, მცირე ხანში, ეკიპაჟთან კავშირი დაკარგეს. ლიბიელი გენერალი საკუთარ ქვეყანაში კერძო თვითმფრინავით ბრუნდებოდა. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილები ანკარის სამხრეთით, ჰაიამანას რაიონში იპოვეს.
გენერალ ალ-ჰადადთან ერთად თვითმფრინავზე მყოფი დანარჩენი ოთხი პირიც მაღალ სამხედრო თანამდებობას იკავებდა.
ალ-ჰადადი ტრიპოლის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის ყველაზე მაღალი რანკის სამხედრო თანამდებობის პირი იყო. ის ამ თანამდებობაზე 2020 წელს დაინიშნა და ამ დროის განმავლობაში ლიბიის არმიის ორგანიზებასა და გაერთიანებას ცდილობდა.
თუმცა ლიბია სამოქალაქო ომის შემდეგ გაყოფილი რჩება. ქვეყნის დიდ ნაწილს მთავრობის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ჯგუფები აკონტროლებენ, რომელთა მთავარი ქალაქი თობრუქია.
ლიბიის აღიარებულ მთავრობას თურქეთი სამხედრო დახმარებას უწევს. ქვეყანაში 3000-მდე თურქი სამხედროც იმყოფება.





