თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მისი განსახილველი რამდენიმე საქმის წარმოება კვლავ შეაჩერა და კონსტიტუციური წარდგინებებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამის შესახებ კომენტარი ხუჭუამ ინტერპრესნიუსს მისცა.
პირველად ხუჭუამ სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართა.
გამოცემის ცნობით, ხუჭუა ითხოვს, საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ იქნეს ცნობილი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" 2025 წელს შეტანილი ცვლილებები, რომელიც შეეხება სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას, ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდებას, ასევე, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევას.





