ქართული ოცნება

ორმაგი ეკონომიკური აქტივობა შეიძლება წავახალისოთ - კობახიძე "სამთავრობო ქალაქის" პროექტზე

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის, მერიის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების შესაძლო გადატანაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის მეშვეობით შეიძლება ეკონომიკური აქტივობა წაახალისონ.

"ყველა საკითხზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ზოგადად, ჩვენი საჯარო მოსამსახურეებისთვის შრომის პირობები ხშირ შემთხვევაში არ არის სათანადო, აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა, ჯერ დაზუსტებული არ არის რომელ უწყებებს შეეხება.

კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს იმისათვის, რომ იგივე ფასად ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების მშენებლობა, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას, ერთი მხრივ, ეკონომიკური აქტივობა იქნება ახალი შენობების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასაც და მეორე მხრივ, საინვესტიციო მიზნებით, როდესაც მოხდება კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების გასხვისება, ესეც შეუწყობს ხელს ეკონომიკურ აქტივობას, ანუ ნულოვანი მდგომარეობიდან ჩვენ ორმაგი ეკონომიკური აქტივობა შეიძლება წავახალისოთ ამ პროექტის მეშვეობით, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას." - თქვა კობახიძემ. 

ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა, რომელიც პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის კომპლექსის, თბილისის მერიის და 9 სამინისტროს არსენალის მთაზე, ახალ ადმინისტრაციულ შენობებში გადატანის მიზნით, პროექტირების სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.

კომენტარები