ლონდონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ელისეს სასახლემ განაცხადა, რომ შეხვედრა წარმოადგენდა შესაძლებლობას, რათა საფრანგეთს, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს (E3) კიდევ ერთხელ გამოეხატათ კიევისადმი ურყევი მხარდაჭერა და უკრაინაში მტკიცე და გრძელვადიანი მშვიდობისადმი ერთგულება.
ამასთან, განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, განეხილათ აშშ-ს შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები და შეხვედრებზე ჩამოყალიბებული უსაფრთხოების გარანტიები, "კერძოდ, მსურველთა კოალიციის სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში."
ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა "საერთო ძალისხმევით" რეალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.
"რეალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველთვის საერთო გამოწვევა და ძალისხმევაა. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის!" - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე ევროპელ ლიდერებთან ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ.
ლონდონში ლიდერების შეკრებამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის არ არის მისაღები სამშვიდობო წინადადება, რომელიც ზელენსკის "ჯერ არც წაუკითხავს."
ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მაიამიში უკრაინის დელეგაციასა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის სამდღიანი მოლაპარაკებები დასრულდა.
"ჩვენ საუბრები გვქონდა პრეზიდენტ პუტინთან და უკრაინელ ლიდერებთან, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკისთან და უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის [სამშვიდობო] წინადადება ჯერ არ წაუკითხავს. ეს რამდენიმე საათის წინ იყო. მის ხალხს მოსწონს ეს, მაგრამ მას - არა. რუსეთისთვის მისაღებია ეს [წინადადება]. რუსეთს, ალბათ, მთელი ქვეყანა ურჩევნია, მაგრამ რუსეთისთვის, ჩემი აზრით, მისაღებია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ზელენსკისთვის არის მისაღები. მის ხალხს მოსწონს [წინადადება], მაგრამ მას ის არ წაუკითხავს." - თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინს აშშ-ს სამშვიდობო გეგმისადმი მხარდაჭერა საჯაროდ ამ დრომდე არ გამოუხატავს. მან 4 დეკემბერს აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასამთავრებლად აშშ-ს გეგმის გარკვეული ნაწილები კრემლისთვის მიუღებელია.





