საქართველო-აზერბაიჯანი

აზერბაიჯანიდან სომხეთში ტრანზიტის გადაზიდვა ერთჯერადად უსასყიდლოდ მოხდება – სამინისტრო

საქართველო-აზერბაიჯანი

ივანიშვილის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ მოხდება. განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა, აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეცნობათ ოფიციალურ მხარეებს. საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული, სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერი". - ნათქვამია განცხადებაში. 

აღნიშნული განცხადება აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ბოლო თვეების განმავლობაში ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობებში აშკარა დაძაბულობა გამოიკვეთა.

გამოცემის მიხედვით, საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანელი მძღოლების ხანგრძლივმა და განმეორებითმა შეფერხებამ ბაქოში გააჩინა განცდა, რომ თბილისი ვერ ან აღარ ცდილობს პრობლემის მოგვარებას.

ამასთანავე, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ყოველივე ამის ფონზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პრობლემასთან დაკავშირებით მხოლოდ ფორმალური განცხადებები კეთდება.

კომენტარები