საბანკო-საფინანსო პლატფორმა Revolut-ი საკუთარი ანგარიშების საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გაცემული ბარათებით შევსებას ზღუდავს. ინფორმაციაზე ყურადღება რუსულმა დამოუკიდებელმა მედიებმა გაამახვილეს.
საბანკო პლატფორმა პოპულარული იყო რუს ემიგრანტებში, რომლებსაც რუსეთში გაცემული ბარათების გამოყენება საერთაშორისო გადახდებისთვისა და გადარიცხვებისთვის სანქციების გამო შეეზღუდათ.
Revolut-ის ანგარიშის შევსების განახლებულ გვერდზე წერია:
"Revolut-ი აღარ უჭერს მხარს შევსებას ქვემოთ ჩამოთვლილ სპეციფიკურ ქვეყნებში გაცემული ბარათებით.
აზია: ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, საქართველო, ჰონგ-კონგი, ირანი, ერაყი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, მიანმარი, ნეპალი, ომანი, პაკისტანი, სირია, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქეთი, თურქმენეთი, არაბთა გაერთიანებული საამირო, უზბეკეთი, ვიეტნამი, იემენი.
ევროპა: ბელარუსი, მონაკო, რუსეთი, სერბეთი.
აფრიკა: ალჟირი, ანგოლა, ბურკინა ფასო, კამერუნი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კოტ-დ'ივუარი, კენია, ლიბია, მალი, მოზამბიკი, ნამიბია, ნიგერია, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ სუდანი, ტანზანია, ზიმბაბვე.
ჩრდილოეთ ამერიკა: კუბა, ჰაიტი, ტრინიდადი და ტობაგო.
სამხრეთ ამერიკა: ვენესუელა.
ოკეანეთი: ვანუატუ."
Revolut-ი არ ასახელებს ამ შეზღუდვის კონკრეტულ მიზეზებს.
დამოუკიდებელი რუსული მედია მედუზა და SOTA ყურადღებას ამახვილებენ, რომ ჩამონათვალში შედის ქვეყნები, რომლებიც რუსი ემიგრანტებისთვის პოპულარული დანიშნულების ადგილები იყო. მსგავსი სახელმწიფოებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სერბეთი და ისრაელი.
როგორც დამოუკიდებელი რუსული მედიები აღნიშნავენ, ამ დროისთვის შეზღუდულია Revolut-ის ანგარიშის უშუალოდ ამ ქვეყნებში გაცემული ბარათებით შევსება, თუმცა ამ ტრანზაქციის შესრულება შესაძლებელია იმავე ბარათებზე მიბმული Apple Pay-სა და Google Pay-ის აპლიკაციებით.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო, რუსეთის მოქალაქეებმა მასობრივად დაიწყეს საბანკო ბარათების სხვა ქვეყნებში აღება, რადგან, სანქციების შედეგად Visa-მ და Mastercard-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტეს.
ნოემბრის დასაწყისში Revolut-მა დაიწყო რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეების ანგარიშების გაყინვა, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ. მათგან ევროპაში ცხოვრების სახის დამადასტურებელი საბუთი მოსთხოვეს.





