ექიმმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ გამოძიების კითხვები მის სამეცნიერო ნაშრომს ეხებოდა.
ჩახუნაშვილის აზრით, სუს-ის გამოძიების მიზანი BBC-ის დისკრედიტირებაა, "თითქოს BBC ჩვენს კვლევაზე დაფუძნებით ამბობს იმას, რასაც ამბობს, რაც რეალობას არ შეესაბამება".
"გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები. შეკითხვები ისეთი ხასიათის იყო, ძირითადად მეკითხებოდნენ ჩემი სამეცნიერო ნაშრომები რაზე არის და დანარჩენი ინფორმაცია ჩვენს სამეცნიერო ნაშრომზე, საჯარო ინფორმაციაა, ღია წვდომაა, ფულის გადახდა არ არის საჭირო, რომ ვიღაც შევიდეს და ნახოს.
რაც დღეს ხშირად ტრიალებს მედიაში, ძირითადად არის ის, რომ უნდათ თქვან, რომ ჩვენი კვლევა უდევს საფუძვლად იმ გადაწყვეტილებას, თუ როგორც არის, ასე ვთქვათ, იმ დასკვნას, რომ გამოიყენეს კონკრეტული ნივთიერება. რაც ჩვენი კვლევის საგანი არ ყოფილა და კონკრეტული წუთი და წამი დავუსახელე, სადაც BBC კონკრეტულად ამას ამბობს, ვიდეოში არის 36:12 წუთი, სადაც ამბობს, რომ ამ კვლევის საფუძველზე ვერ დადგინდა კონკრეტული აგენტ რაც იყო იმიტომ რომ არ იყო ჩვენი მიზანი ეს რომ შეგვესწავლა. და ამის შემდგომ მე რამოდენიმეჯერ მივაწოდე ინფორმაცია, რომ თუ აინტერესებთ, საიდან მივიდა BBC ამ კონკრეტულ დასკვნამდე, 36:13-ე წუთიდან რომ დაიწყონ ყურება, უკვე მაგაზეა მთელი ბოლო 20-წუთიანი მონაკვეთი და, შესაბამისად, შეუძლიათ, გაეცნონ. დანარჩენი, მე შევუთანხმდი, რომ ბმული ისედაც საჯაროა, მაგრამ მივაწოდებდი და დეიდინტიფიცირებული მონაცემები, ანუ ციფრები რაც არის, შემიძლია მივაწოდო.
ჩემი აზრით, მათ უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენს კვლევას, როდესაც ეს თქვა. ამითი მოახდინონ BBC-ის დისკრედიტირება და, შესაბამისად, ისე გამოიყვანონ, თითქოს BBC ჩვენს კვლევაზე დაფუძნებით ამბობს იმას, რასაც ამბობს, რაც რეალობას არ შეესაბამება. სავარაუდოდ, ეს არის დაშინების ეფექტის მქონე და ჩემი აზრით ასევე ეცდებიან, ვიღაცა დასაჯონ კიდეც სიმბოლურად, განტევების ვაცად. შიდა სისტემაში შეიძლება ვიღაცა გაწირონ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოს ეს". - თქვა ჩახუნაშვილმა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.
ცნობისთვის, კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ფიგურირებს, მდინარაძის უწყებაში დღეს დაიბარეს, გამოკითხვაზე ასევე დაიბარეს მისი ძმა, პედიატრი დავით ჩახუნაშვილიც.
გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ს პედიატრმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა, რომელსაც წყლის ჭავლი მოხვდა, განუცხადა, რომ კანის წვა რამდენიმე დღის განმავლობაში იგრძნობოდა, ხოლო ამ გრძნობის მოშორება წყლით შეუძლებელი იყო.
გამოცემის ცნობით, ჩახუნაშვილს სურდა, მოეძებნა სხვა დემონსტრანტები, რომლებიც ანალოგურ სიმპტომებს უჩიოდნენ, რისთვისაც მან სოციალური მედია გამოიყენა და დემონსტრანტებს კითხვარის შევსება სთხოვა. შედეგად, მას 350-მდე ადამიანი დაუკავშირდა და მათგან თითქმის ნახევარი ამბობდა, რომ ერთ ან მეტ გვერდით ეფექტს 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში განიცდიდნენ.
ამის შემდეგ მოხდა მისი კვლევის კოლეგიალური განხილვა და საერთაშორისო ჟურნალმა, Toxicology Reports-მა მიგნებები გამოსაქვეყნებლადაც მიიღო.
ამას გარდა, BBC-ს მიხედვით, პედიატრ ჩახუნაშვილის ანგარიშის მიგნებები თანხვედრაში იყო ადგილობრივი ჟურნალისტების, ექიმებისა და სამოქალაქო უფლებათა ორგანიზაციების დასკვნასთან, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერება იყო გარეული. ხოლო გამოყენებული ნივთიერების იდენტიფიცირების მოთხოვნა ივანიშვილის რეჟიმმა არ დააკმაყოფილა.
სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უწყებამ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.





