შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ორი პირი სასიგნალო იარაღიდან რამდენჯერმე ისვრის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
"28 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც ორი პირი სასიგნალო პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლას ახორციელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოში ასახული პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
გუდაურის პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან დაახლოებით 15 კმ-ში, საავტომობილო გზიდან 300 მეტრში ნაპოვნია სასიგნალო პისტოლეტის გასროლილი ფუჭი ტყვიების მასრები და მასრების შესანახი მუყაოს კოლოფი". - წერს შსს.
ცნობისთვის, ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით აკუსტიკური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება.
ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სპორტის კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ შეზღუდვები მკაცრდება აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების შეძენასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნულ იარაღებთან დაკავშირებით კონტროლის მექანიზმები ამჟამად მინიმუმამდეა დასული.
დარახველიძემ აკუსტიკურ იარაღზე საუბრისას განაცხადა, რომ მას არ აქვს არანაირი თავდაცვითი ფუნქცია, თუმცა ვინაიდან ხელმისაწვდომია, ყველა ადამიანს შეუძლია შეძენა, ამასთან ერთად, მისი თქმით, აღნიშული იარაღი ხშირად გამოიყენება ყაჩაღობის დროს.





