ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სპორტის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, თუ რატომ უნდა დაწესდეს შეზღუდვები აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების შეძენასთან დაკავშირებით, მან დასძინა, რომ თითოეულ ამ იარაღთან მიმართებით, მინიმუმამდეა დასული კონტროლის მექანიზმები.
დარახველიძის თქმით, საფრთხის მიუხედავად, ელექტროშოკური მოწყობილობის შეძენა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს - "ჩვენი შემოთავაზებაა, რომ სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვას ეს იარაღი, ჰქონდეთ მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ ერთეულებს და კერძო დაცვის ორგანიზაციებს, ვისაც საქმიანობიდან გამომდინარე ესაჭიროება, სხვა შემთხვევაში მოქალაქეებზე მიყიდვა შეზღუდული იქნება და შესაბამისი სანქციებიც არის გათვალისწინებული."
აკუსტიკურ იარაღზე საუბრისას განმარტავს, რომ მას არ აქვს არანაირი თავდაცვითი ფუნქცია, თუმცა ვინაიდან ხელმისაწვდომია, ყველა ადამიანს შეუძლია შეიძინოს, ასევე დასძენს, რომ ხშირად იყენებენ ყაჩაღობისას.
"ამიტომ, ჩვენ შემოგვაქვს რეგულაცია, რომლითაც შეიზღუდება პოლიციის თანხმობის გარეშე ამ იარაღის შეძენა, ვისაც დანიშნულებისთვის სჭირდება, იქნება ეს თეატრალური წარმოდგენა, სპორტული ღონისძიება, თუ კინოგადაღება, აიღებს ნებართვას პოლიციისგან და შეუძლია შეიძინოს დანიშნულებისამებრ გამოიყენოს, მაგრამ ისე, რომ როგორც დღეს ხდება, რომ ხუთი წლის ბავშვსაც და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყიდოს და თან ჰქონდეს, როგორც სათამაშო იარაღი, ეს რეგულაცია არ იარსებებს და ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაშიც დაწესდება შეზღუდვები."
ბოლოს დარახველიძემ განიხილა წიწაკის სპრეი და აღნიშნა, რომ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი რაოდენობით შეუძლია შეიძინოს და ხშირად იყენებენ ბავშვები, სკოლებში საგაკვეთილო პროცესის ჩასაშლელად.
"აქაც შემოგვაქვს რეგულაცია, რომლითაც, 18 წლის ასაკის ქვემოთ შევზღუდოთ ამ იარაღის გაყიდვა, ხოლო 18 წლის ასაკის ზემოთ, ვისაც სჭირდება თავდაცვისათვის, შეათანხმებს პოლიციასთან და შეძლებს, რომ იყიდოს და ატაროს ეს იარაღი."
ალექსანდრე დარახველიძემ ასევე განმარტა, რომ თუ 16 წლის ზევით, 18 წლამდე ასაკის ბავშვს ექნება წიწაკის სპრეი, მის მიმართ იმოქმედებს ის რეგულაციები, რაც გათვალისწინებულია წიწაკის სპრეის ქონასა და ტარებაზე.
"16 წლის ქვემოთ, ამ შემთხვევაში ჩვენ მოვიძიებთ, ვინ გაყიდა ეს საშუალება და იურიდიული პირი იქნება თუ ფიზიკური, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ არ ჰქონდა უფლება მიეყიდა 18 წელს მიუღწეველი პირისთვის წიწაკის სპრეი."





