აქციებზე დაკავებულები

უზენაესმა სასამართლომ გიორგი ოკმელაშვილის საჩივარი განსახილველად არ მიიღო

უზენაესმა სასამართლომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს განსახილველად დასაშვებობის კრიტერიუმებს. ინფორმაციას პუბლიკა ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უზენაესი სასამართლო განჩინებაში წერს, რომ სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი ოკმელაშვილის მსჯავრდების შესახებ. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება როგორც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

ცნობისთვის, ყოფილი მორაგბე, სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის 15 მაისს დააკავეს, 2025 წლის 3 თებერვალს კი მას სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ოკმელაშვილს პოლიციელზე ძალადობას, ასევე მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასაც ედავებოდნენ, მეორე ბრალდება (მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა) დაცვის მხარის მოთხოვნით, 15 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოუხსნეს.

სააპელაციო სასამართლომ ოკმელაშვილის განაჩენი, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა 28 თებერვალს გამოტანილი განაჩენით ძალაში დატოვა.

21 მარტს გაკეთებული განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, კანონის უზენაესობის ცენტრმა და ევროპულმა ორბიტამ აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმე შეისწავლეს.

ორგანიზაციების განცხადებით, ოკმელაშვილის საქმე იმის მაგალითია, რომ საგამოძიებო მოქმედებებმა ჯერ გიორგი ოკმელაშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს და მის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვება შემდგომ დაიწყეს. 

კომენტარები