სურსათის ეროვნული სააგენტო

გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის - სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს, აქედან 20-მდე მეწარმემ მიმართა სააგენტოს და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.

"გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რძის და რძის ნაწარმის კონტროლს პირველადი წარმოებიდან რეალიზაციამდე.

მოწმდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი). სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად იღებენ რძის და რძის ნაწარმის ნიმუშებს.

რძის შემკრებ პუნქტებსა და გადამმუშავებელი საწარმოებში ლაბორატორიულად მოწმდება ნედლი რძე, რომლისაგანაც მზადდება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი. შემოწმების და კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა, ბრუცელოზი, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენები (ანტიბიოტიკები), აფლატოქსინი, ტყვია და სხვა.

სააგენტო რეგულარულად მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია.

დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჩართულობა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე-15-01." - წერია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები