საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის პაკეტი

შსს-ს ინიციატივით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზრდება

შსს განცხადებას აქვეყნებს, სადაც წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, როგორც უწყებაში აცხადებენ ამ პაკეტის მთავარი მიზანია საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება. 

უწყება ხაზს უსვამს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ავალდებულებს სახელმწიფოს გადადგას ნაბიჯები უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიმართულებით. 

შსს-ს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტის მიხედვით:  

  • 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;
  • 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;
  • 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;
  • 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;
  • დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.
  • დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება "BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევად ასევე განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება და გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით - "ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას."

უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი უკვე წარედგინა ივანიშვილის პარლამენტს. 

კომენტარები