აშშ-რუსეთი

პესკოვის თქმით, რუსეთს აშშ-სგან ბირთვული გამოცდების აღდგენაზე განმარტება კვლავ არ მიუღია

კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი
RBC

რუსული სამთავრობო მედიის, TACC-ის ინფორმაციით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ ბირთვული გამოცდების აღდგენის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მოსკოვს ვაშინგტონისგან განმარტება ჯერ კიდევ არ მიუღია.

"ამ ეტაპზე ჩვენი ამერიკელი კოლეგების მხრიდან ამ საკითხზე არანაირი განმარტება არ მიგვიღია," აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე, 8 ნოემბერს, აშშ-ს მხრიდან ტრამპის განცხადებებზე განმარტებების ვერ მიღებასთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც გააკეთა. 

"დიპლომატიური არხების მეშვეობით ჩევნ ჯერჯერობით არ მიგვიღია რაიმე სახის განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობდა პრეზიდენტი ტრამპი, როცა მან ბირთვული იარაღის გამოცდის განახლებაზე განაცხადა." - ამბობდა ლავროვი.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 ოქტომბერს Truth Social-ზე დაწერა, რომ ომის დეპარტამენტი აშშ-ს ბირთვული იარაღის გამოცდას დაიწყებს და განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების ანალოგიური ქმედებების გამო მიიღო.

მანამდე, 26 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ წინა დღეებში ჩატარებული ბირთვული ძალების წვრთნების ფარგლებში წარმატებით გამოცადეს ბირთვული ძრავის მქონე "შეუზღუდავ მანძილზე მფრენი" ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკი, რომელიც, მოსკოვის თქმით, ნებისმიერ თავდაცვით ფარს გაარღვევს.

მოგვიანებით, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ირწმუნებოდა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული ძრავის მქონე "შეუზღუდავ მანძილზე მფრენი" ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკის გამოცდამ აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. 

ტრამპი რუსეთის ქმედებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის სანაპიროსთან განლაგებულია აშშ-ს ბირთვული წყალქვეშა ნავი. ტრამპის თქმით, პუტინმა ბირთვული ძრავის მქონე რაკეტის გამოცდის ნაცვლად ომი უნდა დაასრულოს.

კომენტარები