ტრამპის საგარეო პოლიტიკა

Reuters: აშშ სირიაში, დამასკოს ავიაბაზაზე, სამხედრო კონტინგენტის განთავსებას გეგმავს

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ დამასკოში საჰაერო ბაზაზე სამხედრო კონტინგენტის განლაგებას აპირებს, რათა ხელი შეუწყოს აშშ-ს შუამავლობით სირიასა და ისრაელს შორის უსაფრთხოების შეთანხმების დადებას. ამის შესახებ Reuters-ს საკითხზე ინფორმირებულმა ექსმა წყარომ აცნობა. 

Reuters-ის ცნობით, სირიის დედაქალაქში აშშ-ს კონტინგენტის განლაგების გეგმა, რაზეც აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა, იქნება სირიის აშშ-სთან სტრატეგიულ თანხვედრაში მოსვლის ნიშანი მას შემდეგ, რაც გასულ წელს აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით სირიელმა ამბოხებულებმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხვეს. 

გამოცემის მიხედვით, ზემოხსენებული ბაზა სამხრეთ სირიის იმ ნაწილებში მდებარეობს, რომელიც მოსალოდნელია, რომ სირია-ისრაელის თავდაუსხმელობის ხელშეკრულების ფარგლებში დემილიტარიზებულ ზონად იქცევა. შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების შუამავალი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაა. 

ცნობისთვის, 10 ნოემბერს სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ვაშინგტონში ჩავა და თეთრ სახლში ტრამპს შეხვდება, რაც პირველი მსგავსი ვიზიტი იქნება სირიის სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან. 

საკითხთან დაკავშირებით Reuters ექვს წყაროს ელაპარაკა, მათ შორის ორ დასავლელ მაღალჩინოსანსა და სირიის თავდაცვის ერთ მაღალჩინოსანსაც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ აშშ აპირებს, ავიაბაზა სირიასა და ისრაელს შორის პოტენციური შეთანხმების მონიტორინგისთვის გამოიყენოს. 

ამასთან, აშშ-ს მაღალჩინოსნებმა მოითხოვეს, რომ უსაფრთხოების მიზეზებით არ მოხდეს ბაზის სახელისა და ადგილმდებარეობის გასაჯაროება. ხოლო დასავლელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ პენტაგონმა ბორო ორი თვის მანძილზე გეგმები დააჩქარა და ბაზაზე რამდენიმე სადაზვერვო მისია გაგზავნა. მისიების შედეგად კი დაასკვნეს, რომ ავიაბაზის ასაფრენი ბილიკი მყისიერი გამოყენებისთვის მზადაა. 

ამას გარდა, არმიიდან ორმა სირიულმა წყარომ გამოცემას აცნობა, რომ ტექნიკურ მოლაპარაკებებზე განხილვის მთავარი საგანი ბაზის ლოჯისტიკური, სადაზვერვო, საწვავის შევსებისა და ჰუმანიტარული მიზნებისთვის გამოყენება იყო, ხოლო სირია ობიექტზე სრულ სუვერენიტეტს შეინარჩუნებს. 

სირიელი თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-მ უკვე გაგზავნა C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკის შესამოწმებლად. ბაზის ერთ-ერთი შესავლელის დაცვამ კი Reuters-ს უთხრა, რომ "გამოცდის" მიზნით ავიაბაზაზე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ჯდებიან. 


სექტემბერში გამოცემა Times of Israel ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ ისრაელსა და სირიას შორის უსაფრთხოების ახალი შეთანხმების "99%" მზადაა და მისი გამოცხადება მომდევნო ორი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი.

Axios წერს, რომ მხარეებს შორის უსაფრთხოების შეთანხმების დანიშნულება იქნება, ჩაანაცვლოს ისრაელსა და სირიას შორის 1974 წელს დადებული შეთანხმება, რომელიც ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელმა "სირიაში წესრიგის აღდგენამდე" მნიშვნელობადაკარგულად გამოაცხადა, რასაც ისრაელის მიერ სირიული საზღვრის მხარეს არსებული ბუფერული ზონის ოკუპაცია მოჰყვა. 

Axios-ის ინფორმაციით, შეთანხმების თავის ნაწილში ისრაელი სირიის მხარეს ბუფერული ზონის ორი კილომეტრით გაფართოებას ითხოვს. ამასთანავე, ისრაელის საზღვრის სიახლოვეს დაუშვებელი იქნება სამხედრო შეიარაღების განთავსება, თუმცა ეს არ შეეხება შიდა უსაფრთხოების ძალების განთავსებას.

ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით, ცნობილია, რომ შესაძლო შეთანხმება გულისხმობს დამასკოს სამხრეთ-დასავლეთით ისრაელის საზღვრამდე მთელ ტერიტორიაზე სირიული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვასაც. ამ შეზღუდვების სანაცვლოდ, შეთანხმების საფუძველზე, ისრაელი მზადაა, დატოვოს ყველა ის ტერიტორია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ოკუპაციის ქვეშ მოაქცია, გარდა ჰერმონის მთის მწვერვალზე არსებული პოსტისა, რომელიც სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. 

გამოცემასთან საუბრისას წყარომ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელისთვის მთავარ პრინციპს სირიის გავლით ირანამდე საჰაერო დერეფნის შენარჩუნება წარმოადგენს, რაც სამომავლოდ ისრაელს ირანზე იერიშის მიტანის საშუალებას მისცემს.

კომენტარები