ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, ზოჰრან მამდნიმ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა.
"თუ ვინმეს შეუძლია დონალდ ტრამპის მიერ ნაღალატევ ერს აჩვენოს, თუ როგორ დაამარცხოს იგი, ეს სწორედ ის ქალაქია, რომელმაც მას დიდება მოუტანა. დესპოტის შეშინების გზა თუ არსებობს, ეს არის იმ პირობების განადგურება, რომლებმაც მას ძალაუფლების მოპოვების საშუალება მისცეს. ეს არ ეხება მხოლოდ იმას, როგორ შევაჩეროთ ტრამპი, არამედ როგორ შევაჩეროთ შემდეგი დესპოტი. დონალდ, ვიცი, რომ მიყურებ, სამი სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი: ტელევიზორს ხმა აუწიე". - თქვა მამდანიმ.
ნიუ-იორკის მერის არჩევნებში ზოჰრან მამდანიმ გაიმარჯვა. 34 წლის მამდანი შტატის ისტორიაში პირველი მუსლიმი მერი გახდა.
ხმების 91%-ის დათვლის შედეგად, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, მამადანიმ 50.4% მიიღო, ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ენდრიუ კუომომ კი 41.6%.
მამდანი, რომელიც თავს დემოკრატ სოციალისტს უწოდებს, ამომრჩევლებს სიმდიდრის გადანაწილებას, საჯარო სერვისების გაფართოებასა და ურბანული ცხოვრების გარდაქმნას ჰპირდებოდა.
ნიუ-იორკის გარდა, არჩევნები ჩატარდა ნიუ-ჯერსიში, ვირჯინიასა და კალიფორნიაში. ნიუ-ჯერსისა და ვირჯინიაში დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, კალიფორნიაში კი ხმის მიცემა კვლავ მიმდინარეობს.
არჩევნებამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დამოუკიდებელ კანდიდატს, ენდრიუ კუომოს დაუჭირა მხარი და ქალაქისთვის დაფინანსების შემცირებით დაიმუქრა, თუ დემოკრატიული პარტიის მემარცხენე კანდიდატი, ზოჰრან მამდანი გაიმარჯვებს.
"თუ კომუნისტი კანდიდატი ზოჰრან მამდანი ქალაქ ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში გაიმარჯვებს, ნაკლებად სავარაუდო იქნება, რომ მე ფედერალური დაფინანსება გავცე, აუცილებელ მინიმუმზე მეტი." - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში.
ამ საკითხზე აშშ-ს პრეზიდენტმა CBS-თანაც ისაუბრა.
"ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, რთული იქნება ნიუ-იორკისთვის ბევრი ფულის მიცემა, რადგან თუ ნიუ-იორკს კომუნისტი მართავს, იქ ფულის გაგზავნა გაფლანგვა იქნება." - თქვა ტრამპმა CBS News-ის გადაცემა "60 წუთში".





