საქართველოს სახალხი დამცველი აქციების დროს დაკავებული ანასტასია ზინოვკინას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. იოსელიანის უწყების ცნობით, ზინოვკინა 2024 წლის დეკემბრიდან აპარატის წარმომადგენლებმა 6-ჯერ მოინახულეს.
ომბუდსმენის აპარატი აღნიშნავს, რომ მათ მანდატში არ შედის მსჯავრდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი ანასტასია ზინოვკინას საქმის შესახებ ინფორმაციას წარმოგიდგენთ.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პატიმარი დაკავებიდან - 2024 წლის დეკემბრიდან - დღემდე 6-ჯერ მოინახულეს. ბოლოს, პატიმართან გასაუბრება პარასკევს, 31 ოქტომბერს შედგა.
სახალხო დამცველის აპარატმა, მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი საჩივრების შესაბამისად, სხვადასხვა დროს მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, პენიტენციურ სამსახურს.
ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი პატიმრის სამედიცინო მომსახურების საკითხს სწავლობს. ამ მიზნით, აპარატმა რამდენჯერმე გამოითხოვა სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, რაც შესწავლილი იქნა აპარატში დასაქმებული ექიმის მიერ.
31 ოქტომბერს, პატიმართან გასაუბრების შემდეგ, იმავე დღეს, აპარატმა დამატებით გამოითხოვა კონკრეტული სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტის ასლი. მოცემული დროისთვის, სახალხო დამცველი აგრძელებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგს აპარატში დასაქმებული, მაღალკვალიფიციური ექიმის ჩართულობით.
უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი მოქმედებს დაკავებულ პირთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და რამდენადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციას, აპარატის მიერ ინფორმაციის გასაჯაროება ხდება მხოლოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის თანხმობის შემთხვევაში.
აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის მანდატში არ შედის ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსების ადგილის განსაზღვრა, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა" - ნათქვამია განცხადებაში.
30 ოქტომბერს სოციალურ ქსელში ალიონა ზაიცევამ ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ზინოვკინა ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, უჭირს გადაადგილება, გარდა ამისა, აღნიშნავს პირობებზე, რომელიც პენიტეცნიურ დაწესებულებაშია.
რუსეთის მოქალაქეები 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს. 12 სექტემბერს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8 წელი და 6 თვე მიუსაჯა.





