ჩვენი ახალი პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველო ამ მძიმე ვითარების და ამ არაჯანმრთელი სიტუაციის განმუხტვაში და გაჯანსაღებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. რაც შეეხება ელექტორატს, ჩვენ შეგნებულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარტია დაგვეფუძნებინა მომავალ არჩევნებამდე 3 წლით ადრე იმისათვის, რომ სრულფასოვანი პარტიის ჩამოყალიბება შევძლოთ. ჩვენი ხედვები, ჩვენი იდეები, ჩვენი პროგრამა მივიტანოთ საქართველოს მოსახლეობამდე თითოეულ სოფელში, თითოეულ ქალაქში.
ჩვენ ვგრძნობდით მთელი ამ 1 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დავაფუძნეთ საზოგადოებრივი მოძრაობა, ამ პლატფორმიდანაც მოვახერხეთ მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება ჩვენს მოსახლეობასთან და მათი დაკვეთით არაერთი ინიციატივაც დავაყენეთ.
ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ნათლად იკვეთება ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები, რომლებიც იქნება მრავალპოლუსიანი და ამ ვითარებაში, ამ ახალ რეალობაში ერთიანი ნეიტრალური საქართველო ჩვენს ქვეყანას ხედავს, როგორც ნეიტრალურ სახელმწიფოს და მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის ის ერთადერთი მყარი გარანტი იმისა, რომ მოვახერხოთ ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანად მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა.





