რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ 28 ოქტომბერს გამოცადეს ბირთვული ძრავის მქონე უპილოტო წყალქვეშა ნავი პოსეიდონი. ამის შესახებ მან ისაუბრა მაშინ, როცა ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტალი მოინახულა.
"გუშინ ჩვენ ჩავატარეთ კიდევ ერთი პერსპექტიული კომპლექსის, წყალქვეშა უპილოტო დანადგარი პოსეიდონის გამოცდა. ასევე ბირთვული ენერგეტიკული ძრავით. ჩვენ პირველად გამოგვივიდა არა მხოლოდ წყალქვეშა ნავიდან მისი სასტარტო ძრავით გაშვება, არამედ ატომური ენერგეტიკული ძრავით გაშვება, რომლის მეშვეობითაც აპარატმა გარკვეული დრო იმოძრავა." - თქვა პუტინმა.
პუტინმა ამ გამოცდას "დიდი წარმატება" უწოდა. მისი თქმით, პოსეიდონი "მინიმალური ზომისაა" და ირწმუნება, რომ სიმძლავრით ეს დანადგარი რუსეთის საკონტინენტთაშორისო რაკეტა სარმატსაც კი აღემატება. მისივე მტკიცებით, ეს უნიკალური დანადგარია და მსოფლიოში მისი უვნებელყოფის მეთოდი არ არსებობს.
"მნიშვნელოვნად აღემატება ჩვენს ყველაზე პერსპექტიული კონტინენტთაშორისი რადიუსის რაკეტა სარმატის სიმძლავრესაც კი... ამას გარდა, ამ აპარატის სიჩქარითა და გადაადგილების სიღრმით მსოფლიოში მსგავსი არაფერი არსებობს და ახლო მომავალში, ალბათ, არც გამოჩნდება. მისი უვნებელყოფის საშუალება არ არსებობს." - თქვა პუტინმა.
პოსეიდონი არის ბირთვული ძრავის მქონე უპილოტო წყალქვეშა აპარატი. ამ დანადგარის აღჭურვა შესაძლებელია როგორც ბირთვული, ისე არაბირთვული ქობინებით. პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი წერს, რომ პოსეიდონს შეეძლება ორი მეგატონის სიმძლავრის ბირთვული საბრძოლო მასალის გადატანა, სიჩქარე კი 200 კმ/სთ არის. რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები 32-მდე პოსეიდონს მიიღებს და მათი მეშვეობით ოთხი წყალქვეშა ნავის შეიარაღება იგეგმება.
2018 წლის მარტში ვლადიმირ პუტინმა პირველად თქვა, რომ უპილოტო წყალქვეშა დანადგარებზე მუშაობდნენ. აქედან ერთი წლის შემდეგ პოსეიდონი პირველად გამოცადეს.
აქამდე, 21 ოქტომბერს რუსეთში ვლადიმირ პუტინის მეთაურობით სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები ჩატარდა, მაშინ, როცა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უნგრეთში შეხვედრის დაგეგმილი სამიტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. წვრთნების დროს გამოიყენეს ბირთვული ტრიადის ყველა კომპონენტი. რუსეთის გენშტაბის მეთაურმა, ვალერი გერასიმოვმა პუტინს მოახსენა, რომ წვრთნების მიზანი იყო "ბირთვული იარაღის გამოყენების ავტორიზაციის პროცესის" სიმულაცია.
ამის შემდეგ პუტინმა გაავრცელა ცნობა, რომ წვრთნების დროს გამოცადეს ბირთვული ძრავის მქონე "შეუზღუდავ მანძილზე მფრენი" ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკი. მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა დადგინდეს ბურევესტნიკის გამოყენების შესაძლო მეთოდები და რაკეტით არმიის შესაიარაღებლად უნდა მომზადდეს ინფრასტრუქტურა.
პუტინმა ბურევესტინიკზე მუშაობის შესახებ ინფორმაცია პირველად 2018 წელს გაავრცელა. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი Nuclear Threat Initiative-ი წერდა, რომ 2017-2019 წლებში რუსეთმა ბურევესტნიკი, სულ მცირე, 13-ჯერ გამოცადა, თუმცა "ნახევრად წარმატებულად" მხოლოდ ორი გამოცდა დასრულდა. 2019 წელს არხანგელსკის ოლქში, სევეროდვინსკის მახლობლად მდებარე პოლიგონზე მოხდა აფეთქება, რომელსაც როსატომისა და თავდაცვის სამინისტროს 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. შემდეგში რუსეთის ხელისუფლებამ ირიბად აღიარა, რომ აფეთქება რადიაციულ მატერიალებზე მუშაობასთან იყო დაკავშირებული.
პუტინის სიტყვების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პუტინმა რაკეტების გამოცვლის ნაცვლად უკრაინაში ომი უნდა დაასრულოს.





