ოპოზიციური პარტიების აკრძალვა

ენმ, ახალი, ლელო – ოცნება 3 პარტიის აკრძალვას ითხოვს

ქართული ოცნება

ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ეს პარტიებია ენმ, ახალი და ლელო.

ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, სატელიტ პარტიებთან ხახლის ძალასთან და ევროპელ სოციალისტებთან ერთად ამ სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვთ.

"იმ პარტიების განსაზღვრის, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ, ვისარგებლეთ ორი მთავარი კრიტერიუმით:

1. რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის დასაბუთება
2. რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია თავისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით, პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.

შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებით მოქმედი კოალიციური ერთობა შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია:

1. ნაციონალური მოძრაობა
2. ახალი
3. ლელო

ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა ელენე ხოშტარია დროა და გირჩი - მეტი თავისუფლება, რომლებიც სინამდვილეში კოალიცია ცვლილებისთვის შემადგენლობაშია, თუმცა ფორმალურად დამოუკიდებელ პარტიებად არიან რეგისტრირებული, აგრეთვე სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, ფედერალისტური პარტია, რესპუბლიკური პარტია და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა ვინაიდან, მათ ამჟამად მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გაველენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპეტივა არ გააჩნიათ ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება.

მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გაველნას შეიძენენ.

პოლიტიკურ გაერთიანებას დღეს სახელად კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია-მელია-გირჩი-დროა ჰქვია, თუმცა, იცით, რომ ცალკეა პარტიები გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა. ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ პარტია ახალს ეხება, რომლის ქოლგის ქვეშაც წინა არჩევნებზე შევიდნენ ცალკეული პოლიტიკოსები და სახელი გადაერქვათ. ერთადერთი მიზეზი, რატომაც გირჩი-მეტი თავისუფლებასთან და დროასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივმართავთ, ის არის, რომ ამ 2 პარტიას პოლიტიკაზე რეალური გავლენა არ აქვს - ერთკაციანი პარტიებია. " - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები