რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი: პუტინმა რაკეტების გამოცდის ნაცვლად ომი უნდა დაასრულოს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Neil Hall/EPA/Bloomberg

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის სანაპიროსთან აშშ-ს ბირთვული წყალქვეშა ნავია განთავსებული და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბირთვული ძრავის მქონე რაკეტის გამოცდის ნაცვლად ომი უნდა დაასრულოს.

"მათ იციან, რომ ჩვენი ბირთვული წყალქვეშა ნავი, მსოფლიოში უდიდესი, ზუსტად მათ სანაპიროებთანაა განთავსებული, ანუ 8 000 მილის გაცურვა არ მოუწევს. [...] სხვათა შორის, არც იმას ვფიქრობ, რომ პუტინის მხრიდან ასე ლაპარაკი შესაფერისია - ომი უნდა დაასრულოს, ომი, რომლის დამთავრებასაც ერთი კვირა უნდა დასჭირვებოდა, [...] ახლა მეოთხე წელია, გრძელდება. აი, რა უნდა გააკეთოს რაკეტების გამოცდის ნაცვლად". - თქვა ტრამპმა. 

პუტინმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ გასულ დღეებში ჩატარებული ბირთვული ძალების წვრთნების ფარგლებში წარმატებით გამოცადეს ბირთვული ძრავის მქონე "შეუზღუდავ მანძილზე მფრენი" ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკი, რომელიც, მოსკოვის თქმით, ნებისმიერ თავდაცვით ფარს გაარღვევს.

მოგვიანებით, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ირწმუნებოდა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული ძრავის მქონე "შეუზღუდავ მანძილზე მფრენი" ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკის გამოცდამ აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. 

კომენტარები