აქციების კანონი

არადემოკრატიული კანონების, აღსრულების ფორმის მიზეზი არის შიში პროტესტის მიმართ - NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ, აქციის კანონებსა და მოქალაქეების დაკავებას ეხმიანებიან.

მათი შეფასებით, ცვლილებების მიზანი არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მოქალაქეების დაშინება, პროტესტის კრიმინალიზება. მათი თქმით, დაკავება ხდება ამორჩევით. აკავებენ საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, რათა აქციის მონაწილეები შეაშინონ.

"ვეხმიანებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც ქართული ოცნება მოქალაქეებს შეკრება-მანიფესტაციებში მონაწილეობის გამო აკავებს. რეპრესიული ცვლილებების მიღებიდან, ანუ 17 ოქტომბრიდან, დღემდე 70-ამდე დემონსტრანტი დააკავეს. მათ უმრავლესობას უკვე შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. გუშინ აქციაზე 29 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ხოლო ერთი პირი - სისხლის სამართლის წესით. ადმინისტრაციული წესით აღნიშნული პირების დაკავება ბოლო დღეებში მიღებული რეპრესიული კანონებით ხდება.

როგორც ცნობილია, გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული ქართული ოცნების პარლამენტმა რამდენჯერმე შეიტანა ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილებებს მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ვენეციის კომისიის მხრიდან, რამდენიმე დღის წინ ქართულმა ოცნებამ კანონი კიდევ უფრო გაამკაცრა და დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რითაც, აქციის მონაწილეები სისხლის სამართლის დევნის ობიექტები გახდნენ. მაგალითად, პირბადის ტარება, ტრანსპორტისთვის დაბრკოლების შექმნა პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო განმეორების შემთხვევაში ერთი და ორ წლიანი პატიმრობით.

ცალსახაა, რომ ამ კანონის ცვლილებების მთავარი მიზანია: გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის შეზღუდვა და ფაქტობრივად, მოსპობაც კი; მოქალაქეების დაშინება და იძულება, თავი შეიკავონ პროტესტში მონაწილეობისგან; თვითცენზურის დონის გაზრდა კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეებში; აქციების ორგანიზატორების და მოაქალაქეები სისხლის სამართლის დევნის ობიექტებად გადაქცევა; ნებისმიერი პროტესტის კრიმინალიზება.

პროცესებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ აღნიშნული კანონების აღსრულება და დემონსტრანტების დაკავება ხდება ამორჩევით. განსაკუთრებული სამიზნეები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, აქტივისტები და ჟურნალისტები, ექიმები და სხვა. სავარაუდოდ, მათ დემონსტრაციულად და ძალის გამოყენებით დაკავებას საზოგადოებაში აქციაში მონაწილეობის შიშის და ტერორის გავრცელების მიზანი აქვს." - თქვეს ბრიფინგზე.

NGO-ების განცხადებით, გუშინ ტროტუარზე მდგომი აქციის მონაწილეები დააკავეს, რაც აკრძალულია. აგრეთვე აღნიშნეს, რომ დაკავებული პირის ადგილსამყოფელის შესახებ არ აწვდიან არავის ინფორმაციას, საქმეებს სანქცირებული მოსამართლეები ფორმალურად განიხილავენ, ადვოკატებს არ აძლევენ სათანადოდ მომზადების საშუალებას.

"გუშინდელი აქციის დროს ცალსახად გამოიკვეთა, რომ აკავებენ ტროტუარზე მდგომ მშვიდობიან მოქალაქეებსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ახალი რეპრესიული კანონითაც კი არ არის აკრძალული.

რაც შეეხება დემონსტრანტების დაკავებისა და სასამართლო განხილვის გარემოებებს, მოგახსენებთ, რომ რაც შეეხებათ ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით შერჩეული დემონსტრანტები ხშირად გამოკითხვაზე გადაყვანის მოტივით ან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აკავებენ და გადაჰყავთ სასამართლოში ან იზოლატორში. დაკავებიდან სასამართლოში ან იზოლატორში გადაყვანამდე, შსს ინფორმაციას პირის ადგილსამყოფლის შესახებ ადვოკატებს და ოჯახის წევრებს არ აწვდის.

უმეტესად, ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა სასამართლო განხილვამდე დაცვის ქვეშ მყოფ პირს შეხვდნენ. საქმის განხილვა სასამართლოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და ინიშნება, რომელსაც უმეტესად ფორმალური ხასიათი აქვს. დაკავებულებს საქმის მასალებს პირდაპირ სასამართლო პროცესზე აცნობენ. ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება მოიძიონ მტკიცებულებები, წარადგინონ მოწმეები, სათანადოდ მოამზადონ საქმეზე დაცვის სტრატეგია და შეათანხმონ დაკავებულთან.

პოლიციელების მიერ პირბადიანი ადამიანების დევნამ აბსურდული ხასიათიც მიიღო. იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციელებმა გააჩერეს მოქალაქეები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ეკეთათ პირბადე.

დაკავებულებს შორის არიან ხანდაზმული პირები, არასრულწლოვანი ბავშვების დედები, ჟურნალისტები, მწერლები, მსახიობები, ექიმები, სამოქალაქო აქტივისტები.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ყველა ამ საქმეს განიხილავენ მოსამართლეები, რომლებიც უკვე დასანქცირებულნი არიან ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის მიერ. ამ მოსამართლეებს შორის არიან: ზვიად ცეკვავა, მანუჩარ ცაცუა, ნინო ენუქიძე და კობა ჩაგუნავა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც ამ არადემოკრატიული კანონების, ასევე, მათი აღსრულების ფორმის ერთადერთი მიზეზი არის ხელისუფლების შიში საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიმართ.

დაკავებულები ისჯებიან მხოლოდ ერთი მიზეზით - საქართველოს სიყვარულისა და თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის." - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

კომენტარები