ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გასული წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა . ასევე, მთელი ამ წლების განმავლობაში ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ჩვენს რეგიონში, ფართო რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის, როდესაც საქმე ეხება, მათ შორის, ეკონომიკურ კავშირებს, ტრანზიტს და ა.შ. ყოველთვის საქართველო სწორედ ასეთ საიმედო პარტნიორის როლს ასრულებდა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის.
მოხარული ვართ, რომ პოლიტიკური კუთხით ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან. რა თქმა უნდა, ორიენტირებული ვართ მაქსიმალურად ამ თანამშრომლობის განვითარებაზე. ასევე, ცენტრალურ აზია ჩვენთვის არის განსაკუთრებული პრიორიტეტი. ვფიქრობ, ამ კუთხით არის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი, რომ განვითარდეს თანამშრომლობა.
ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველო საინტერესოა ყველა ქვეყნისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით იმ კუთხითაც, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყანასთან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ასევე „დესეთეს“ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რა თქმა უნდა, ესეც აძლიერებს ჩვენს პოტენციალს დაკავშირებადობის კუთხით. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. ვართ ორიენტირებული თავიდან ბოლომდე მშვიდობის განმტკიცებაზე, თანამშრომლობაზე, ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებაზე და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ. რა თქმა უნდა, ყველა მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობის და პარტნიორობის იმედი გვაქვს.





