ბოლო 2 დღეში გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის 14 პირი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ვაჟა სირაძემ განაცხადა. ამასთან, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, "დაკავებულთაგან ერთერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის". სირაძე ამბობს, რომ ამის გამო, თავს იკავებს დაკავებულის ინიციალების დასახელებისგან.
"მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე. დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე არაერთხელ გაავრცელა ოფიციალური განცხადება. ამასთან, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ადგილზე არაერთხელ განუმარტეს, რომ არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, თუმცა, მოქალაქეები პოლიციას არ დაემორჩილნენ და გააგრძელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება" - ამბობს სირაძე და აღნიშნავს, რომ შსს-მ ბოლო სამი დღის განმავლობაში "გამოავლინა კანონდარღვევის 53 ფაქტი".
"აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ მიმდინარეობს საქმის წარმოება და უახლოეს დღეებში მოხდება სასამართლოში მათი საქმეების ადმინისტრაციული წესით განხილვა.
კიდევ ერთხელ შევახსენებთ სამართალდამრღვევ პირებს, თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
შსს კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცველები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, მოახდენენ ყველა სამართადამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებენ კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს" - განაცხადა სირაძემ.
ივანიშვილის რეჟიმმა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი, აქციების კანონი მესამე მოსმენით, 16 ოქტომბერს მიიღო. ცვლილებების მიხედვით,15 დღემდე პატიმრობით დაისჯება შეკრების ან მანისფესტაციის მონაწილე, რომელიც:
- სახის "ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით" დაიფარავს;
- იქონიებს "ცრემლმდენ, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელ ნივთიერებას";
- განზრახ შექმნის "დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის";
- მოაწყობს დროებითი კონსტრუქციას, რომლის მოწყობა "საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას".
განმეორების შემთხვევაში, რეჟიმის მიერ მიღებული კანონი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





