რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონის თქმით, ზელენსკი ლონდონში დაგეგმილ მსურველთა კოალიციის შეხვედრას დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
France 24

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს, 24 ოქტომბერს, ლონდონში "მსურველთა კოალიციის" შეხვედრას დაესწრება, სადაც უკრაინის მოკავშირეები იქნებიან წარმოდგენილი. 

"ამ პარასკევს ჩვენ გვექნება მსურველთა კოალიციის შეხვედრა - ნაწილობრივ ვირტუალურად და ნაწილობრივ პირისპირ - ლონდონში და პრეზიდენტი ზელენსკი იქ იქნება," თქვა მაკრონმა 20 ოქტომბერს სლოვენიაში ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ცნობისთვის, ე.წ. "მსურველთა კოალიცია", რომელიც საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით თებერვალში ჩამოყალიბდა, უკვე რამდენიმე თვეა სხვადასხვა დონის მოლაპარაკებებს მართავს.

განხილვის მთავარი თემაა, თუ რა როლს შეასრულებენ ევროპელი მოკავშირეები, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უკრაინაში სამხედრო კუთხით და როგორ შეძლებენ ისინი სამომავლოდ კიევის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეკავებას. 

17 ოქტომბერს ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა, თუმცა, მან ვაშინგტონისგან უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე თანხმობა ვერ მიიღო. უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რის ფარგლებშიც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ერთმანეთს ბუდაპეშტში შეხვდებოდნენ. 

კომენტარები