შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველების მიერ დაკავებულია კიდევ 8 პირი: ზ.ა., ა. დ., ი. ჩ., ხ.გ., გ.ჩ., გ.მ., რ.მ., ი.დ., ხოლო 4 პირი მიმალვაში იმყოფება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი.
"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გავრცელებული არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად - შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.
ვიდეოსამეთვალყურეო მასალების გაშიფვრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით" - წერია სამინისტროს განცხადებაში.
4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".
ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.
მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.
მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.
ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.
რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".





