4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 12 პირი დააკავეს. ამის შესახებ ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში აქტიურად გრძელდება გამოძიება მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით. ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა კიდევ 12 პირი დააკავეს - ს.კ, ზ.ჭ, კ.კ, გ.ქ, გ.ყ, ს.ა, გ.კ, ა.ჩ, ლ.ჯ, ს.ტ, ლ.ი და ბ.ქ.
მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებულმა პირებმა აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირი შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია 35 პირი, რომელთა შორის არიან როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე, ის მონაწილეები, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება სსკ-ს 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს" - განაცხადა დარახველიძემ.
4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".
ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.
მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.
მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.
ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.
რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".





