სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდ-ის [კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი] ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია, რომელიც შსს-მ 5 ოქტომბერს დააკავა, 6 ოქტომბერს გაათავისუფლეს. ამის შესახებ ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ქალაქ თბილისის საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს 1979 წელს დაბადებული რ.შ. და 1978 წელს დაბადებულ ს.ფ. რ.შ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო საბრძოლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. შესასბამისად დაკავებული პირი გათავისუფლდა". - თქვა დარახველიძემ.
5 ოქტომბერს, დარახველიძე ამბობდა, რომ შამახია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაააკავეს.
დამატებითი განმარტებები უწყებაში არ გაუკეთებიათ, უკავშირდება თუ არა შამახიას დაკავება 4 ოქტომბრის აქციას.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულია 5 პირი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
"მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - თქვა დარახველიძემ.
6 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დარახველიძის ცნობით, შსს-მ 4 ოქტომბრის აქციის საქმის გამოძიების ფარგლებში 15 მონაწილის იდენტიფიცირება მოახდინა და მათგან 13 გამოძიების პირველ ეტაპზე დააკავეს.
დარახველიძის თქმით, 2 პირი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.





