სამოქალაქო აქტივისტის, ვახო ფიცხელაურის მეუღლის, თეონა ბზიშვილის თქმით ფიცხელაური დღეს, 6 ოქტომბრის საღამოს გაუჩინარდა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ, ბზიშვილს ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვს.
როგორც ბზიშვილი ტვ პირველთან საუბარში აღნიშნავს, მისი მეუღლის გაუჩინარების ფაქტზე ის სახალხო დამცველის აპარატს და პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა.
"გაუჩინარდა დღეს საღამოს მოულოდნელად და გავიგე სრულიად მოულოდნელად.
სამსახურში დიდხანს მომიწია დღეს გაჩერება და პირდაპირ ვიფიქრე, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს.
ამ დრომდე, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი დაზუსტებით - შეიძლება იმ გამტაცებლებსაც კი ჰყავთ, ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ფიზიკურად ვერ მოვიპოვე ვერსად ინფორმაცია.
ვერც სახალხო დამცველის აპარატში, ვერცერთ იზოლატორში.
გავიგე, ოღონდ ეს არის დაუდასტურებელი ინფორმაცია ჩემთვის და ყველასთვის, რომ ვახო წაიყვანა პოლიციამ.
საერთო ნაცნობს დაუკავშირდნენ და იმას უთხრეს, რომ "ვახო მგონი პოლიციამ წაიყვანაო".
დიქტატურაში ალბათ ეს არის ის უბედური შემთხვევა, როცა ადამიანს, ვისაც ეგ ინფორმაცია ჭირდება პირდაპირ ვერ ურეკავ და ვერ ეუბნები, რომ "შენი ქმარი წაიყვანეს".
ამ რეჟიმში ვცხოვრობთ, ამ დრომდე არ ვიცი სად არის". - თქვა თეონა ბზიშვილმა, ვახო ფიცხელაურის მეუღლემ.





