უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა 6 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სვერდლოვის ქარხანაზე, რომელიც ქვეყნის საბრძოლო და ფეთქებადი მასალების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია, იერიში მიიტანეს.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, დარტყმის შედეგად ობიექტზე აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი შენიშნეს. უკრაინული მხარის ცნობით, ამავე ქარხანაზე იერიში ბოლოს 2024 წლის 20 ოქტომბერს მიიტანეს.
გენერალური შტაბის განცხადებით, ქარხანა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 800 კილომეტრში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, მდებარეობს, "რუსეთის ფეთქებადი ნივთიერებების უდიდესი მწარმოებელია."
ქარხანა აწარმოებს საბრძოლო მასალის მრავალ სახეობას, მათ შორის საავიაციო და საარტილერიო ჭურვებს, მართვად საჰაერო ბომბებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და მასალას საჰაერო თავდაცვისა და საინჟინრო დანაყოფებისთვის.
ცნობისთვის, სვერდლოვის ქარხანა 2023 წლიდან აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ქვეშაა.





