საქართველო-რუსეთი

დუგინი ოცნების მოწინააღმდეგე დემონსტრანტებზე: ეს არის ქართველი შიზოფრენიკების დიდი მასა

ალექსანდრ დუგინი
HuffPost

ე.წ. რუსული სამყაროს იდეოლოგმა და კრემლთან დაახლოებულმა ულტრანაციონალისტმა პროპაგანდისტმა, ალექსანდრ დუგინმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ამჯერად სპუტნიკის ეთერში ისაუბრა.

დუგინის მტკიცებით, "გლობალისტები" იყენებენ "საზოგადოების თავისუფალ ელემენტებსა" და "გიჟებს" მათთვის არასასურველი ხელისფლებების დასამხობად. ის ირწმუნება, რომ საქართველოშიც მსგავსი მცდელობები მიმდინარეობს. ამას გარდა, მან ამავე სტრატეგიის ნაწილი უწოდა ვარდების რევოლუციასაც.

"ამჟამად ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, ან გამოუსადეგართა გადასაგდებად სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება არის ტაქტიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა... თუმცა ეს არის უძლიერესი იარაღი ახალ პოლიტიკურ ტექნოლოგიებში. აქ პირველ რიგში საუბარია არა რაღაც პოლიტიკურ-ოპოზიციური სტრუქტურების შექმნაზე, არამედ მოსახლეობის თავისუფალი ელემენტების მობილიზებაზე: გიჟები, ქუჩის მქადაგებლები, შეცვლილი ორიენტაციის მქონე ადამიანები - ნებისმიერი. ესენი არიან ვერცხლისწყლის ფრაგმენტები, საზოგადოების გაფანტული ატომები, რომლებიც გამოუსადეგრები არიან, მათ არ შეუძლიათ წარმოადგენდნენ პოლიტიკურ პოზიციას... მაგრამ ისინი უფრო და უფრო მეტნი არიან, რადგან ადამიანის ცნობიერების შერყევაზე მუშაობს მთელი დასავლური კულტურა. ასეთი მოუსვენარი, ან ჭკუასუსტი მასები, ქაოსური ბრბო ხდება ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი დიდი პოლიტიკისთვის.

მათ შეუძლიათ სიტუაციის დაძაბვა, საზოგადოების დესტაბილიზაცია. შემდეგ, მათ მხრებზე უკვე გაივლიან გარკვეული ნამდვილი ძალები, რომლებიც იტაცებენ ძალაუფლებას და აღარ გასცემენ. შემდეგ მოდის ახალი რეჟიმი, ესენი უცებ დაიშლებიან, რადგან არ ითხოვენ ხელისუფლებაში მონაწილეობას, რადგან არარაობები არიან, უბრალოდ ნაგვები არიან, არიან ნარჩენები დიდი ქალაქების. ისინი ლიბერალურები არიან არა იდეოლოგიურ ჭრილში, არამედ თითოეული საკუთარი თავისთვის არის. ამ ქაოტური ატომების დამანგრეველი სტრატეგიისთვის მობილიზაცია მარტივია, მაგრამ ისინი არც არაფერს ითხოვენ. მათ მხრებზე აღიმართებიან ლიბერალები, ხელდასმულები და შემდეგ ამყარებენ საკუთარ დიქტატურას. ასე იყო მაიდანი. ასე იყო საფრანგეთში. როგორც კი ლიბერალები ხელისუფლებაში მოდიან, ისინი მას არ თმობენ. ლეგიტიმური, მეტ-ნაკლებად სუვერენული ხელისუფლებების გადატრიალებისთვის ტარანად მობილიზებულ ადამიანებს კი უბრალოდ უშვებენ.

საქართველოში ამან რამდენჯერმე იმუშავა. იქ ფერადი რევოლუცია ერთ-ერთი პირველი იყო. 20 წლის წინ იმუშავა. მოვიდა ნამდვილი დიქტატორი, ნაცისტი სააკაშვილი. ხელახლაც ცდილობდნენ... მაგრამ შეიძლება საქართველოს მეტი გამოცდილება აქვს ფერად რევოლუციებთან, ამიტომ ის მათ არ ნებდება." - თქვა დუგინმა.

დუგინმა ქართულ ოცნებას სუვერენული უწოდა და მათი მმართველობით უკმაყოფილო დემონსტრანტებს "შიზოფრენიკების მასა" უწოდა.

"ახლა არის სუვერენული ხელისფლება, ქართული ოცნება, რომელიც თავდაპირველად იყო პროდასავლური... იყო სუსტი, ხელოვნური. მაგრამ მაინც ამ სიგიჟესთან შედარებით... აბსოლუტურად დაუმორჩილებლები, შეიძლება იყვნენ პროვოკატორები, შეიძლება ტერორისტები, ნაცისტები, მაგრამ, ძირითადად, ეს არის ქართველი შიზოფრენიკების დიდი მასა. ისინი არსებობენ ნებისმიერ ერში, რუსეთშიც, უკრაინაში უკვე ყველა ასეთად გადაიქცა. ეს ძალიან საშიში რამაა, ესეც სირთულის ფილოსოფიაა. რეალურად, ამ უსუსურ ნაძირლებს, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუძლიათ გადაწყვიტონ ქვეყნის ბედი, ან რაღაც დიდი გეოპოლიტიკის ბედი. სუსტი დაძაბულობის საწყისები, ეს მიკროპოცესები ამჟამად აქტიურად გამოიყენება ამერიკაშიც." - თქვა რუსმა პროპაგანდისტმა.

დუგინი ქართულ ოცნებას აქებს და ირწმუნება, რომ მათ "საზოგადოების თავისუფალი ელემენტების" წინააღმდეგ მოქმედების "გასაღები იპოვეს".

"ეს საშიში რამაა, რადგან, პრინციპში, ეს ადამიანები ფსიქიკურად შეშლები არიან, ამიტომაც მათ შეუძლიათ მარტივად გადავიდნენ, და გადადიან ხოლმე, ფიზიკურ ძალადობაზე. ამიტომ ეს საშიშია. მაგრამ მე მგონია, რომ საქართველოს გააჩნია გარკვეული იმუნიტეტი. გამოიმუშავეს ანტისხეულები და ქართული ოცნება ძალიან გაძლიერდა ამ დროის განმავლობაში. გაიგეს, როგორ უნდა მართონ ქვეყანა, ისე, რომ არ გააკეთონ ხისტი მოძრაობები, არ წამოეგონ პროვოკაციებს, მისდევენ საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნების იდეას. მთლიანობაში, მგონია, რომ იპოვეს გასაღები, როდის შეჩერდნენ, როდის გამოავლინონ სიმკაცრე, სად მიუშვან, შემდეგ სად გადაიყვანონ. ისინი თამაშობენ ამ ძალიან საშიშ მოვლენასთან ძალის პოზიციიდან და ეფექტურობის პოზიციიდან. მათ გაიგეს როგორ მუშაობს ეს ალგორითმი და ისწავლეს მასთან გამკლავება.

ზურაბიშვილისა და წინა არჩევნების შემდეგ ჩანდა, რომ ყველაფერი მორჩა, ყველაფერი გასაგებად ჩანდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლიბერალებს ფრთები შეასხა მოლდოვის არჩევნებმა, რომლებიც სრულიად გაყალბებული იყო. აი, ეს არის დიქტატურის მაგალითი, სანდუ არის დიქტატურა. იქ აკრძალეს ყველაფერი, რაც რამენაირად იწვევდა ხელისუფლების პოლიტიკას. როცა დაინახეს, რომ იქ გამოვიდა, არ ყოფილა საწინააღმდეგო გამოსვლები მოლდოვაში, გლობალისტებმა გადაწყვიტეს საქართველოც ხელახლა შეეჯანჯღარებინათ.

ვფიქრობ, ამჯერად არაფერი გამოვა, მაგრამ არ შევამცირებდი ასეთი სტრატეგიის მნიშვნელობას. ის გასაკვირად კარგად მუშაობს. რაც უფრო მეტი მსგავსი, ჭკუასუსტი ელემენტი იქნება საზოგადოებაში... და მთელი ჩვენი კულტურა, მსოფლიო კულტურა, დასავლური კულტურა მათი პროცენტის ზრდის პროვოცირებას ახდენს. აქ შედიან ემიგრანტებიც, არალეგალური მიგრანტები, ანუ ადამიანები, რომლებიც არ არიან საზოგადოებაში ფესვგადგმულები, ადამიანი თავისუფალი ატომები, თავისუფალი ელემენტები, რომლებსაც შეუძლიათ მარტივად შეასრულონ კვანტური ნახტომი და გარდაიქმნან უმნიშვნელო, მარგინალური არსებიდან დესტრუქციული ძალის ნაწილად. ეს არის ქაოსის მართვა.

ეს სტრატეგია არის ძალიან სერიოზული მსოფლიო ძალების შეიარაღებაში. ამიტომ ისინი სათანადოდ უნდა შეფასდეს, ეს სტრატეგიები მუდამ იცვლება. იცვლება ამ თავისუფალი ელემენტების პროპორციები. იცვლება მათთან მუშაობა, ორგანიზება. მე მგონია, რომ, ამჯერად, ეს პროტესტები საქართველოში არაფრით დასრულდება, მაგრამ ეს მუდმივი საფრთხე ხელახლა გააქტიურდება ხოლმე ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელიც ცდილობს მიჰყვეს გარკვეულ სუვერენულ კურსს." - თქვა დუგინმა.

კომენტარები