პაპუა-ახალი გვინეა

პაპუა-ახალმა გვინეამ ავსტრალიასთან თავდაცვითი ხელშეკრულება დაამტკიცა

AAP/MICK TSIKAS via REUTERS

პაპუა-ახალი გვინეის პრემიერმინისტრმა, ჯეიმს მარაპემ 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისმა კაბინეტმა ავსტრალიასთან თავდაცვითი ხელშეკრულების გაფორმებას მხარი დაუჭირა.

თავდაცვითი ხელშეკრულების თანახმად, ავსტრალია და პაპუა ახალი გვინეა ვალდებულნი არიან, თუ ერთ-ერთს თავს დაესხმებიან, ერთმანეთს დაეხმარონ.

"აქამდე ავსტრალიას მსგავსი ტიპის მხოლოდ ერთი თავდაცვითი ხელშეკრულება ჰქონდა და ჩვენი თხოვნით, პაპუა-ახალი გვინეა ამ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ყოველივე ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობის, საერთო ისტორიისა და საერთო მომავლის სიღრმეს ასახავს" - განაცხადა მარაპემ.

პაპუა-ახალი გვინეის პრემიერის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ხელშეკრულება, ორმაგი შეთანხმების საფუძველზე, 10 000-მდე პაპუა-ახალ გვინეელს ავსტრალიის თავდაცვის ძალებში მსახურების საშუალებას მისცემს.

ხელშეკრულებას ორივე ქვეყნის პარლამენტების რატიფიკაცია სჭირდება.

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, ენტონი ალბანეზიმ პაპუა-ახალი გვინეის მიერ ხელშეკრულების დამტკიცება პოზიტიურად შეაფასა.

"ჩვენი ქვეყნები უახლოესი მეზობლები და მეგობრები არიან და ეს ხელშეკრულება ჩვენს ურთიერთობებს ოფიციალურ ალიანსამდე აიყვანს" - განაცხადა ალბანეზიმ.

კომენტარები