27 სექტემბერს NATO-მ განაცხადა, რომ დანიაში დრონების შეჭრის პასუხად, ალიანსი ბალტიის ზღვაში საკუთარ სამხედრო მისიას საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მქონე ფრეგატითა და სხვა საშუალებებით გააძლიერებს.
Reuters-ს NATO-მ განუცხადა, რომ ალიანსი "ბალტიის ზღვის რეგიონში ახალი მრავალდომენიანი საშუალებების გამოყენებით კიდევ უფრო გააძლიერებს მეთვალყურეობას."
ალიანსმა განაცხადა, რომ ახალი საშუალებები "სადაზვერვო, სათვალთვალო და სადამკვირვებლო პლატფორმებსა და, სულ მცირე, ერთ სამხედრო-საესკადრო ნაღმოსანს" მოიცავს.
Reuters-ის ინფორმაციით, ახალი საშუალებები კიდევ უფრო გააძლიერებს NATO-ს ოპერაცია "ბალტიის გუშაგს," რომელიც ალიანსმა ელექტროკაბელების, ტელეკომუნიკაციის ხაზებისა და გაზსადენების დაზიანების საპასუხოდ იანვარში დაიწყო.
ამასთანავე, ალიანსმა ამ თვეში რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საპასუხოდ აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისთვის დაიწყო მისია, სახელწოდებით "აღმოსავლეთის გუშაგი."
ცნობისთვის, ამ კვირაში დანიის აეროპორტებსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან რამდენიმე დრონი შენიშნეს, რასაც 27 სექტემბერს სამხედრო ავიაბაზის თავზე უცნობი დრონების გამოჩენა მოჰყვა, რომლის შესახებაც ინფორმაცია სამხედრო პირებმა გაავრცელეს.
მანამდე, რამდენიმე დიდი ზომის დრონის გამოჩენის მიზეზით სკანდინავიის რეგიონში ყველაზე გადატვირთული კოპენჰაგენის აეროპორტი რამდენიმე საათით დაიკეტა. იმავე მიზეზით მომდევნო დღეებში ხუთმა სამოქალაქო და სამხედრო აეროპორტმა რამდენიმე დღით მუშაობა შეაჩერა.
23 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ესტონეთმა თავის საჰაერო სივრცეში სამი რუსული MiG-31 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის გამოჩენის შესახებ განაცხადა, NATO-მ მოსკოვი გააფრთხილა, რომ თავდაცვისთვის "ყველანაირ სამხედრო და არასამხედრო საშუალებას გამოიყენებდა."
ამის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 27 სექტემბერს NATO და ევროკავშირი გააფრთხილა, რომ "ნებისმიერი აგრესია [რუსეთის მიმართულებით] შესაბამის პასუხს მიიღებს."
უცნობი დრონების მიერ გამოწვეული საფრთხის თაობაზე 27 სექტემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმაც განაცხადა და დაამატა, რომ ქვეყანა თავდაცვისთვის საჭირო ზომებს მიიღებდა.





