NATO-ლიტვა

რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ თურქეთმა ლიტვაში AWACS გაგზავნა

თურქეთმა ლიტვაში საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემის (AWACS) მქონე თვითმფრინავი გაგზავნა მას შემდეგ, რაც 19 სექტემბერს რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. 

თურქი მაღალჩინოსნების თქმით, 22 სექტემბერს ანკარამ ლიტვაში AWACS-ის ტიპის რადარული თვითმფრინავი გაგზავნა. აღნიშნულ თვითმფრინავს დაბალ სიმაღლეზე მფრინავი დრონებისა და სხვა სახის ობიექტების აღმოჩენა შეუძლია, რასაც სახმელეთო რადარები ვერ ხედავენ. მაღალჩინოსნების ცნობით, მისია 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა 25 სექტემბერს X-ზე დაწერა, რომ "NATO-ს დაზღვევითი ზომების ფარგლებში, ჩვენი საჰაერო განგაშისა და კონტროლის სამხედრო თვითმფრინავები ლიტვის საჰაერო სივრცეში 22-დან 25 სექტემბრამდე ჩაატარებენ ოპერაციებს."

"AWACS ნამდვილად არის ეფექტური იარაღი, გასაკვირი არცაა, თუ რატომ ჰქვია მას NATO-ს 'თვალი ცაში'." - განაცხადა 23 სექტემბერს ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალიენემ.

მოგვიანებით შაკალიენემ პარლამენტში ასევე თქვა, რომ ესპანეთი ლიტვაში ავიაგამანადგურებლებს როგორც საჰაერო პატრულირებისთვის, ისე საროტაციო საჰაერო თავდაცვის მისიისთვის აგზავნის, რაც მსგავსი მანდატით ბალტიის ქვეყანაში საჰაერო ძალების გაგზავნის პირველი შემთხვევაა.


ცნობისთვის, 19 სექტემბერს სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც წელს რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა იყო.

მანამდე, 10 სექტემბერს, პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს, რის პასუხადაც პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რუსული დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ NATO-ს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ ის რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ "დიახ, ასე ვფიქრობ".

კომენტარები