ტრამპის ადმინისტრაცია

BBC: პარაცეტამოლსა და აუტიზმს შორის ტრამპის მიერ გავლებული კავშირი არ არის დამტკიცებული

Getty Images

როგორც გამოცემა BBC სამედიცინო ექსპერტებსა და სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით წერს, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ტკივილგამაყუჩებელ პარაცეტამლოსა და აუტიზმს შორის კავშირი არსებობს, საკმარისი მტკიცებულებებით არ არის დასაბუთებული.

გუშინ, 22 სექტემბერს, ტრამპმა თქვა, ტაილენოლი, რომლის აქტიური ინგრედიენტია პარაცეტამოლი, “კარგი არ არის” და ორსულმა ქალებმა უნდა “იბრძოლონ” და მხოლოდ უკიდურესად მაღალი სიცხის შემთხვევაში მიიღონ. მისივე თქმით, მალე ამერიკელი ექიმებისთვის გასცემენ რეკომენდაციას, რომ ორსულ ქალებს პარაცეტამოლი არ გამოუწერონ. 

აშშ-ს სურსათისა და წამლების მარეგულირებემა სააგენტომ (FDA) ექიმებისთვის განკუთვნილი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მათ მოუწოდებენ, რომ პარაცეტამოლი ორსულ ქალებს დაბალი სიცხის დროს იშვიათად გამოუწერონ. 

“ბოლო წლებში დაგროვდა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ორსული ქალების მიერ აცეტამინოფენის [რედ. - იგივე პარაცეტამოლი] მოხმარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბავშვებში ნევროლოგიურ მდგომარეობების განვითარებასთან, როგორიცაა აუტიზმი ან ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის აშლილობა. [...]

ნათლად რომ განვაცხადოთ, აცეტამინოფენსა და აუტიზმს შორის ასოციაცია მრავალ კვლევაშია განხილული, თუმცა მიზეზშედეგობრივი ურთიერთობა არ არის დამტკიცებული და არსებობს კვლევები, რომლებიც ამ სამეცნიერო ლიტერატურასთან წინააღმდეგობაში მოდის. ეს კავშირი მიმდინარე სამეცნიერო დებატის საგანია და კლინიცისტები კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს ამ საკითხის შესახებ ინფორმირებულები უნდა იყვნენ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ორსულ ქალებსა და პატარა ბავშვებში მოკლევადიანი სიცხეების უმეტესობა მედიკამენტებით მკურნალობას არ საჭიროებს. 

პაციენტების უსაფრთხოების დაცვისა და კეთილგონიერი მედიცინის სულისკვეთებით, კლინიცისტებმა ორსულობის დროს რუტინული დაბალი სიცხეებისთვის აცეტამინოფენის გამოყენება მინიმალურ დონეზე უნდა დაიყვანონ. ეს უნდა დაბალანსდეს ასევე იმ ფაქტით, რომ აცეტამინოფენი ორსულობისთვის სიცხის დამწევებსა და ტკივილგამაყუჩებლებს შორის ყველაზე უსაფრთხო ალტერნატივაა, რომელიც ურეცეპტოდ გაიცემა”. - წერია განცხადებაში. 

ოვალურ ოფისში ტრამპთან ერთად აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტ კენედიმაც თქვა, რომ FDA ასევე პარაცეტამოლის შესახებ უსაფრთხოების გაფრთხილების ცვლილების პროცესსა და ცნობიერების ასამაღლებლად საჯარო კამპანიას დაიწყებს. 

BBC-ის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციის განცხადება საკამათოა და სამედიცინო ექსპერტების ნაწილი მას დაუპირისპირდა, ზოგმა კი თქვა, რომ პრეზიდენტის კომენტარები საფრთხის შემცველია.

მეანთა და გინეკოლოგთა ამერიკული კოლეჯის პრეზიდენტის, სტივენ ფლაიშმენის განცხადებაში წერია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადება “არ არის გამყარებული სამეცნიერო მტკიცებულებების სრული კრებულით და ბავშვების ნევროლოგიური გამოწვევების მრავალ და კომპლექსურ მიზეზს სახიფათოდ ამარტივებს”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარაცეტამოლი ორსული ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სიცხის დამწევია. 

“კვლევებს, რომლებზეც ხშირად მიუთითებენ, როგორც მიზეზშედეგობრივი კავშირის მტკიცებულებაზე, მათ შორის, აგვისტოში გამოქვეყნებულ უახლეს სისტემატურ მიმოხილვას, ერთი და იგივე მეთოდოლოგიური შეზღუდვები აქვთ, მაგალითად, დამაბნეველი ფაქტორების კონტროლის ნაკლებობა ან არასანდო თვითგაცხადებული მონაცემების გამოყენება, რაც გავრცელებულია ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევების უმეტესობაში”. - განაცხადა ფლაიშმენმა. 

თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის აზრს იზიარებს აგვისტოში ჰარვარდის უნივერსიტეტის ჩანის სახელობის საჯარო ჯანდაცვის სკოლის დეკანის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევების მიმოხილვა. მიმოხილვამ დაასკვნა, რომ ბავშვებს შესაძლოა აუტიზმი ან სხვა ნეიროგანვითარების დარღვევები უფრო მეტად უვითარდებოდეთ, თუკი დედა ორსულობისას პარაცეტამოლს მიიღებს. 

მკვლევრებმა დაწერეს, რომ წამლის გამოყენების შესაზღუდად გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თუმცა პარაცეტამოლი მაინც უნდა გამოიყენებოდეს ორსულობის დროს სიცხის დამწევად და ტკივილგამაყუჩებლად, რადგან ამასაც შესაძლოა ბავშვზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს.

მიუხედავად ამისა, გასულ წელს გამოქვეყნებულმა სხვა კვლევამ პარაცეტამოლის ზეგავლენასა და აუტიზმს შორის ვერანაირი კავშირი ვერ იპოვა. მკვლევრებმა 1995 წლიდან 2019 წლამდე შვედეთში დაბადებული 2.4 მილიონი ბავშვის მონაცემები გაანალიზეს - ბავშვების დაახლოებით 7.5%-მა პლაცენტაში პარაცეტამოლის ზეგავლენა განიცადა. 

პარაცეტამოლის ზეგავლენის მქონე და მის ზეგავლენას მოკლებულ ბავშვებში შემდგომ აუტიზმის გავრცელების შედარებით, შემდგომ კი ასევე მსგავსი გენეტიკის მქონე და-ძმების შედარების გზით კვლევამ დაასკვნა, რომ პარაცეტამოლს აუტიზმის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის აშლილობის ან გონებრივი შეზღუდულობის განვითარებას ვერ დაუკავშირებენ.

“არ არსებობს მყარი მტკიცებულება ან დამაჯერებელი კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ რაიმენაირი მიზეზშედეგობრიივ კავშირი არსებობს”. - თქვა დურჰემის უნივერსიტეტის სოციალური და განვითარების ფსიქოლოგიის პროფესორმა, მონიკ ბოთამ. 

ბოთამ დაამატა, რომ პარაცეტამოლი ორსული ქალებისთვის ყველაზე უსაფრთხო სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელია.

როგორც BBC-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში Tylenol-ის დამამზადებელი კომპანია, Kenvue აცხადებს, არსებული სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ პარაცეტამოლი აუტიზმს არ იწვევს.

“სრულად ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ვარაუდს, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს და ღრმად ვართ შეშფოთებულები მომავალი დედების წინაშე არსებული ჯანმრთელობის რისკით, რომელსაც ეს შეიცავს”. - ნათქვამია Kenvue-ს განცხადებაში. 

BBC-ის თანახმად, წამლის დამამზადებლის განცხადებაში ასევე არის აღნიშნული, რომ პარაცეტამოლი ორსული ქალებისთვის ყველაზე უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებელია

განცხადების გაკეთების დროს ტრამპმა აუტიზმის დიაგნოზირებული ბავშვების რაოდენობის ზრდას “საშინელი კრიზისი” უწოდა და განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით “ძალიან ძლიერი გრძნობები აქვს”. 

მანამდე, აპრილში კენედიმ პირობა დადო, რომ “ტესტირებისა და კვლევის მსხვილ ძალისხმევას” გაწევდა, რათა ხუთი თვის განმავლობაში აუტიზმის გამომწვევი მიზეზი დაედგინა. 

თუმცა, როგორც BBC წერს, ექსპერტები აცხადებენ, რომ აუტიზმის გამომწვევი მიზეზების დადგენა ამდენად მარტივი არ არის და არსებული სამეცნიერო კონსენსუსი იმაში მდგომარეობს, რომ აუტიზმს ერთი ცალკეული მიზეზი არ აქვს, არამედ გენეტიკური და გარემოებითი ფაქტორების კომპლექსური ნაზავის შედეგია. 

კომენტარები